ევროპელი კოლეგები მოვიდნენ პაპუაშვილთან შეხვედრიდან და შოკში იყვნენ - გირჩი ჯაფარიძე

15.05.24 17:54
ევროპელი კოლეგები მოვიდნენ პაპუაშვილთან შეხვედრიდან და შოკში იყვნენ - გირჩი ჯაფარიძე

"ევროპელი კოლეგები მოვიდნენ პაპუაშვილთან შეხვედრიდან და შოკში იყვნენ" - ამის შესახებ განცხადება "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ "პირველებთან" გააკეთა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი მომხდართან დაკავშირებით საკადრის პასუხს აუცილებლად მიიღებს.

"კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვიცი" - აცხადებს ჯაფარიძე და იქვე დასძენს, რომ შემთხვევა პარტნიორების რეაგირების გარეშე არ ჩაივლის.

თავად მოვიდნენ პაპუაშვილთან შეხვედრიდან და შოკში იყვნენ. შოკი, ალბათ, ყველაზე ისეთი სიტყვაა, რომელიც აღწერს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იყვნენ მასთან საუბრის შემდეგ. შეხვედრის დროს პაპუაშვილმა ტყუილი გაავრცელა, რომ თითქოს, ყველაფერზე შეთანხმდნენ და ამაზე დამატებითი შოკი ჰქონდათ. იქვე, ჩვენ თვალწინ აორგანიზებდნენ რაღაც პასუხს, რომელსაც ალბათ, მალე გასცემენ. აპირებენ, რომ რეაგირება მოახდინონ. კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ, არ ვიცი. ის, რომ უყურადღებოდ და პასუხის გარეშე არ დატოვებენ, ცხადია", - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, "შეხვედრაზე ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი".

განცხადების გაკეთების შემდეგ ევროპელმა პოლიტიკოსებმა პაპუაშვილი ტყუილში დაადანაშაულეს.

შეგახსენებთ, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები