სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი - ფავლენიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ირაკლი ფავლენიშვილს ჩასაფრება მოუწყვეს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, 12 საათზე, სადარბაზოსთან 5 პირბადიანი პირი დახვდა.
ფავლენიშვილის ცნობით, მას სიტყვიერად დაემუქრნენ, თუმცა ფიზიკურად არ უძალადიათ.
"დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ.
ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას " წერს ფავლენიშვილი.
ცნობისთვის, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე პირს, ლუკა შველიძეს სახლთან დახვდნენ და თავს დაესხნენ.