„ქართველი ხალხის აქტი“ - ამერიკის სენატი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

25.05.24 11:08
„ქართველი ხალხის აქტი“ - ამერიკის სენატი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

„ქართველი ხალხის აქტი“ - ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე პასუხისმგებლები არიან.

„საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (მერილენდი), ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემპშირი), ჯიმ რიშმა (აიდაჰო), პიტ რიკეტსმა (ნებრასკა), კრის კუნსმა (დელავერი) და ლინდსი გრემმა (სამხრეთ კაროლინა) ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების ხელშეწყობაზე ან მიღების მცდელობებზე პასუხისმგებლები არიან. კანონპროექტი გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც დიდი უმრავლესობით უფრო დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს“, - ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ქართველი ხალხის აქტი“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

პირველ ნაწილში მოყვანილია ის შედეგები, რომლებიც დაეკისრებათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელის შეშლაზე. მათ შორის, დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, დაუწესოს სამოგზაურო შეზღუდვები ქართველ ფიზიკურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის; ახალი სანქციების დაწესებას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე; ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, დაუწესდეს სანქციები იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციაზე. აქტის პირველი ნაწილი ასევე მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის, გადაიხედოს სამხედრო დახმარება და მოითხოვს აშშ-ის მთავრობისგან, შეაჩეროს ყველა სახის დაფინანსება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. აქტი ასევე მოიცავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მუდმივად შეჩერების მოწოდებას.

„ქართველი ხალხის აქტის“ მეორე ნაწილი ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად გასცემს, სულ მცირე, 50 მილიონი დოლარის გამოყოფის ნებართვას. ასევე, აქტი მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და USAID-სგან, განსაზღვრონ, თუ როგორ შეიძლება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო გზით მხარდაჭერა ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. აქტი ასევე ითხოვს ორი ანგარიშის წარდგენას, რათა შეფასდეს საქართველოში უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი და ქართველი პოლიტიკური პატიმრების მხარდაჭერის ძალისხმევა.

ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ივანიშვილის რეჟიმის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო ნაბიჯებზე მიდის. საქართველოსთან დაკავშირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში. 

რას მოიცავს "ქართველი ხალხის აქტი" ნახეთ აქ.

სანქცირების პროცესი დაიწყო და არ ეხება მხოლოდ რუსული კანონის მიმღებ პირებს. ორ პარტიული კანონპროექტით რომელიც სენატში შევიდა, დგინდება, რომ სანქციების სიაში მოექცევიან პარლამენტის თანამშრომლები, საკრებულოების წევრები და ხელმძღვანელი პირები რეგიონებიდან, მერიების და მერიის დაფუძნებული აიპების თანამშრომლები, ყველა ვინც ადამიანების დაშინებაში, დევნასა და ტერორში იქნებიან მხილებულები. ყველა ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მთავარი სანქციების არეალში ექცევიან ძალოვანები, სპეცრაზმელები პოლიციელები.

მსგავსი სიახლეები