ანაკლიის პორტი - კობახიძე ჩინური კომპანიის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს სპეკულაციებს უწოდებს
ჩინური კომპანიის მიერ ანაკლიის პროექტის ტენდერის მოგებაზე სპეკულაციები უადგილოა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პრემიერი ამტკიცებს, რომ ჩინური კონსორციუმი, რომელსაც ანაკლიის პორტს ჩააბარეს, უდიდესი გამოცდილების და საერთაშორისო აღიარების მქონეა.
კობახიძის თქმით, ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.
„უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით. ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტების განხორციელების. ძალიან კარგი განაცხადი შემოიტანეს ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.
ზოგადად, ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც თუ შევხედავთ, რომ დაახლოებით, 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან და საქართველოს გავლით სულ მცირე, 2-3% ტვირთების გატარება რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნული პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, სუვერენიტეტისთვის. მნიშვნელოვანი, რომ ამ პროექტით ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“,-განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის პასუხისმგებლობაა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერცერთ ინვესტორი წლების განმავლობაში ვერ მოიზიდა.
„რომ ყოფილიყო კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან ინტერესი, მათ ამ პროექტის განხორციელებაში ინვესტორის ჩართვა არ გაუჭირდებოდათ. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. ამაზე იქით არ მინდა კომენტარის გაკეთება. რომ ყოფილიყო მეტი ინტერესი საქართველოში პორტის განვითარების კუთხით, არც ხაზარაძის კონსორციუმს არ უნდა გასჭირვებოდა წესით ინვესტორის მოზიდვა და ახლაც უნდა ჩართულიყო რომელიმე შესაბამისი კომპანია ამ ტენდერში, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად ხდება. ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერცერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს არის ხაზარაძის პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერცერთ ინვესტორი ვერ მოიზიდა წლების განმავლობაში.
რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები ამ პროექტით, რომელიც არის მომგებიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა“,-განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან სანქციებზეც ისაუბრა და სპეკულაციები უწოდა ინფორმაციას, ჩინური კონსორციუმის სანქცირებულობასთან დაკავშირებით.
„რაც შეხება სანქციებს, მგონი ეს არის სპეკულაციები. მეორე მხრივ, იგივე ძალები ავრცელებენ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ამერიკული კომპანიებიც კი არიან მინორიტარი მეწილეები ამ ჩინურ კომპანიაში. შესაბამისად, ეს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ცარიელ სპეკულაციებთან“,-განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.