ივანიშვილმა ამერიკულ ინვესტიციებს რეკეტი რუსული სტილით მოუწყო - მამუკა ხაზარაძე
ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით რუსული სტილის რეკეტი ჩაატარა - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ანაკლიის პორტის პროექტში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება.
მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ საეჭვო წარსულის მქონე კომპანიასთან დადებული გარიგებით, ამერიკული ინვესტიციების რეკეტი მოხდა.
"დღეს მთელი ეკონომიკა მიბმულია რუსეთზე, იმპორტ-ექსპორტი მიბმულია რუსეთზე, რუსეთის ყველაზე დიდი პარტნიორი იღებს ანაკლიას - რის ხარჯზე? - ამერიკელების მიერ ჩადებული ინვესტიციის რეკეტის ხარჯზე. ბიძინა ივანიშვილმა რუსული ტიპის რეკეტი ჩაატარა სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით. მან წაართვა ევროპელებს, თავისუფალ სამყაროს, შეერთებული შტატების ძალიან ცნობილ კომპანიებს ჩადებული ინვესტიციები. აღარ ვლაპარაკობ ქართულ ინვესტიციაზე, გასაგებია მისი დამოკიდებულება ჩვენზე, მაგრამ თუ კანონია, ინვესტიცია ინვესტიციაა. დღეს საუბარი, რომ ჩვენ თურმე ინვესტორები არ მოგვიყვანია, ტყუილი და ბელეტრისტიკაა"- თქვა ხაზარაძემ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.