რა ნაღმია ჩადებული ანაკლიაში რეპუტაციაშელახული ჩინური კომპანიის შემოყვანაში და რა სცენარს ელოდებიან ექსპერტები?
რა ნაღმია ჩადებული "ქართული ოცნების" მიერ გუშინ ოფიციალურად გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში - რომლის მიხედვითაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობაში, (რომლის წინა ინვესტორებთან საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს), ჩინური კონსორციუმი შეირჩა.
თინა ხიდაშელი "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" იმ რისკებს გამოყოფს, სადამდეც შეიძლება ქვეყანა მივიდეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ფინანსური საკითხია - "ჩინური კომპანიის მოსვლა ნიშნავს ვალის აღებას ჩინური ბანკიდან და თუ ვერ გადავიხდით, პორტს მთლიანად წაიღებს ჩინეთი" - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
საქართველოს მთავრობას რომ ფული არ აქვს, ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამ პროექტში ჩინური კომპანიის მოსვლა ნიშნავს, რომ ვალს აიღებენ ჩინური ბანკიდან იმ 51 %-ს რომელიც თითქოს სახელმწიფოს საკუთრებაა, ჩადებენ იმ ვალის გარანტად, ვალს თუ ვერ გადაიხდიან, პორტს მთლიანად ჩინეთი წაიღებს"- აცხადებს თინა ხიდაშელი.
ხიდაშელი "პირველებს უყვება, რომ ჩინური კომპანია, არაერთ კორუფციულ სკანდალშია გახვეული.
როდესაც ასეთი რეპუტაციაშელახული კომპანია შემოგყავს, რომელიც მრავალ ქვეყანაში კორუფციაშია ბრალდებული, ბუნებრივია, ეს აჩენს უზარმაზარ რისკებს ისეთი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ინსტიტუციური წესრიგი ვერ აქვს ბოლომდე გამართული. სამწუხაროდ საქართველო ასეთი სახელმწიფოა, სადაც კორუფციის ალბათობა მაღალია.
მეორეა სუვერენიტეტის დაკარგვასთან დაკავშირებული საფრთხე, რომელიც ძალიან ხშირად ხდება ჩინეთის სახელმწიფოსთან მიმართებით. კითხვა არავის უჩნდება, რატომ გამოაცხადა "ნატომ" და ევროკავშირმა, აღარაფერს ვამბობ აშშ-სა და კანადაზე პრაქტიკულად ყველა დემოკრატიულმა სახელმწიფომ ჩინეთი უმთავრეს საფრთხედ მათი სუვერენიტეტისთვის. თითქმის ყველა ქვეყანაში სადაც ისინი შევიდნენ, უზარმაზარი სარგებელი მიიღეს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირების ხარჯზე"- თქვა ხიდაშელმა.
თავდაცვის ექს მინისტრი ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინური კომპანიის შემოყვანასა და რუსული კანონის დამტკიცებას ერთ ჯაჭვში განიხილავს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.
ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.