ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ივანიშვილს და "ოცნებას" - ბუჩუკური

31.05.24 13:48
ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ივანიშვილს და "ოცნებას" - ბუჩუკური

მუქარის შემცველი ზარები - გახარიას გუნდი სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" აკისრებს.

ანა ბუჩუკურის თქმით, მისი გუნდის წევრებს ურეკავენ და ემუქრებიან, მათ შორის ურეკავენ დეპუტატების მშობლებს და ახლობლებს.

როგორც ბუჩუკური ამბობს, ამის შესახებ მტკიცებულებებს საგამოძიებო უწყებებს მიაწვდიან. მანამდე კი დეპუტატი მიმართავს პროკურატურას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომ მოახდინონ რეაგირება მუქარის შემცველ ზარებზე.

ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკის მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. 
გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემთან დაკავშირებული მუქარით, ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან.
განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. ამ დრომდე დაფიქსირებულია პარტიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტი.
ძალადობაზე, ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერისა და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ისევ ურეკავენ უცნობი პირები მუქარისა და გინების მიზნით. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გვიან ღამით მათთან უცნობი პირები რეკავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.