არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო? - პაპუაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე
ეუთო/ოდირის დასკვნის ავტორი სააკაშვილის ადვოკატი იყო სტრასბურგში. არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო? - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აქედან გამომდიანრე, ბევრი კითხვა აქვს დასკვნასთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, "არ შეიძლება ამდენი დამთხვევა არსებობდეს".
„ვნახეთ, რომ ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც ვვარაუდობ, მთავარი ავტორი, არის ადამიანი, რომელმაც ევროსაბჭოს დასკვნა დაწერა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი იყო სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე, ასევე, გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა. ამას ამტკიცებდა ეს ადამიანი სტრასბურგის სასამართლოში და ახლა დასკვნის საშუალებით გვიმტკიცებს, რომ თურმე უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ცუდია. ამიტომ, რა თქმა უნდა ჩვენ ჩვენი კითხვები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა მოხდეს?! ბოლო ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი, მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა? ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან, ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნისა, დიდი ალბათობით მთლიანად ამ ადამიანს მიანდვეს და მისი ტექსტია. არ მგონია საბჭოს სხვა წევრები დიდად ჩართულები ყოფილიყვნენ ამაში.
ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ახლაც, მას შემდეგ რაც კანონი მიღებულია, მზად ვართ დისკუსიისთვის ამ საკითხზე. ორი თვის განმავლობაში ვიხილეთ ხელის აქნევა, რომ არა, ღირებულებებს არ შეესაბამება. რომ ეკითხები, რომელ ღირებულებებს და რატომ, პასუხი გაიგეთ ხომ, რაც ჰქონდა პრეზიდენტის წარმომადგენელს: „იმიტომ“. ასე "იმიტოობით" გველაპარაკებიან ორი თვე და ეს რა თქმა უნდა, სერიოზული არაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონთან - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ოფისი ODIHR წერს.
ODIHR მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები მისი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.