100-მდე შეიარაღებული "ტიტუშკა" ხის შუბებით ცდილობდა შემოჭრას, ვიყავი ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად - ხაბეიშვილი

01.06.24 10:23
100-მდე შეიარაღებული "ტიტუშკა" ხის შუბებით ცდილობდა შემოჭრას, ვიყავი ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად - ხაბეიშვილი

"ენმ პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს და  ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის არასრულწლოვან შვილთან ერთად" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების უკან ივანიშვილის გუნდსა და ძალოვან უწყებას ხედავს - "ეს არის პოლიციასთან, სუს-თან ერთად დაგეგმილი ოპერაცია".

ხაბეიშვილის ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მარტივად არის  შესაძლებელი.

100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა და პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის არასრულწლოვან შვილთან ერთად. ხის შუბებს ესროდნენ ოფისს და ჩალეწეს ყველაფერი. 

ეს არის, როცა სალაპარაკო არ აქვს ივანიშვილს, ასეთ რაღაცებს გეგმავს ჩუმად, ღამით მოპარვით. ეს არის ის ენა, რითაც სურს ივანიშვილს ელაპარაკოს ქართველ ხალხს. პოლიცია მოვიდა ერთი საათის შემდეგ. ეს არის პოლიციასთან, სუს-თან ერთად დაგეგმილი ოპერაცია. პოლიცია ყველაფერს უყურებდა, ყველა ავტომობილის ამოცნობა არის შესაძლებელი.

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ერთი წამითაც არ უნდა შეგვეშინდეს. ძლიერი ასე არ იქცევა. ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ხალხზე ასე არ იქცევა, ასე იქცევიან სუსტები, მხდალები ანუ ივანიშვილი და მისი ბანდა. ასე იქცევიან რუსეთში.

მთავარი გველოდება წინ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ივანიშვილის „ტიტუშკების“ არავის არ ეშინია. მოახლოებულია მათი დასასრული, იციან ეს და სალაპარაკო მათ არაფერი დარჩენიათ, მხოლოდ ძალადობა და მეტი არაფერი.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.

ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.