მაქვს ეჭვი, რომ გდდ-იდან ამოიყვანეს ხარაზიშვილის დაჯგუფება - ხაბეიშვილი ენმ-ში შეჭრაზე

01.06.24 11:21
მაქვს ეჭვი, რომ გდდ-იდან ამოიყვანეს ხარაზიშვილის დაჯგუფება - ხაბეიშვილი ენმ-ში შეჭრაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიაზე განხორციელებული თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ზვიად ხარაზიშვილს ხედავს - ლევან ხაბეიშვილი "პირველებთან" ღიად აცხადებს, რომ ძალადობრივი ქმედებების უკან შესაძლოა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ.

"ხარებას რაზმი, აი ხალხთან რომ მივარდებიან ნიღბებით და სცემენ, ეგ ხალხი იყო" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და გამოთქვამს ეჭვს, რომ შავრაზმელთა ჯგუფები, რომლებმაც ინვენტარი გაანადგურეს და პარტიის ოფისში მყოფ მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ლევან ხაბეიშვილი ვანდალური ღამის თანამონაწილედ საპატრულო პოლიციასაც ასახელებს და დასძენს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ნიღბიანები "თავად მოაცილეს და თავად გააცილეს".

ასე გამოიყურება რუსული კანონი მოქმედებაში, ასე გამოიყურება „ქოცის“ სახე. ეს არის შუბი, რითაც ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შემოჭრას. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს, გოგონებს, ახალგაზრდებს უწევდათ კარებთან ამ ადამიანების შეკავება. 100- მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომლებიც სავარაუდოდ გდდ-დან იყვნენ, ხარებას სპეცდანიშნულების რაზმებიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და შემდეგ ისევ იქეთ წავიდნენ. წინა კარებიდანაც, სამზარეულოდანაც ცდილობდნენ შემოსვლას და იყვნენ ამ შუბებით შეიარაღებულები ღამის პირველ საათზე, თუმცა რამდენიმე წუთი ვუწევდით წინააღმდეგობას და თავს ვიცავდით, რომ ეს აგრესიული „ტიტუშკები“ არ შემოჭრილიყვნენ. სამწუხაროდ, ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მაგრამ მათ აღარც ბავშვები, აღარც ოჯახის წევრები არ აინტერესებთ. ასე გამოიყურება ივანიშვილის რუსული კანონი და საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ეს კაცი არ აპირებს ილაპარაკოს, სანამ ხელისუფლებაში იქნება. შუბები, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“. ასევე, მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მივმართო ელჩებს და ყველას ვუთხრა, რომ გამოთქვით ყველამ თქვენი პოზიცია ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არ გაჩერდებიან და სამიზნე იქნება სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, რიგითი მოქალაქეები, აქტივისტები და ამ შუბის ენით აპირებენ საუბარს. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ ამ შეშინებული ხელისუფლების ჩამოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში გვესმის, რომ ესენი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას არ აპირებენ. ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან მხდალები და მშიშარები არიან, მინიმალური წინააღმდეგობის დროსაც კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ. ასევე, ძალიან მძიმე იყო იმის ყურება საპატრულო პოლიციად წოდებულმა ავტომობილებმა ჯერ როგორ მოაცილეს და მერე გააცილეს და შემდეგ ყველა რომ წავიდა, აი ინდურ ფილმებში რომაა ისე მოვიდნენ ბოლოს, როცა ყველაფერი მორჩა და „ტიტუშკები“ გაიქცნენ. ეს ძალიან სამწუხარო საყურებელია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა ივანიშვილმა და პოლიცია გახადა „მილიცია“ და ხარებას ზონდერ დაჯგუფებად გადააქცია ყველა ისეთი სამსახური, რომელიც კანონს უნდა ემსახურებოდეს. უნდა გვესმოდეს, რომ მძიმე პერიოდი გველოდება წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად არიან მშიშარები და ისინი არიან წაგებულის პოზიციიდან. ძლიერი ხელისუფლება, რომელსაც სალაპარაკო აქვს მის ხალხთან შუბით არ ელაპარაკება ხალხს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ხარება" ლევან ხაბეიშვილს ანგარიშწორებით რამდენიმე დღის წინ კამერების წინ დაემუქრა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.

ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.