პაატა დავითაია: კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით პარტია „ევროპელი დემოკრატები“ განცხადებას ავრცელებს.
პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია, გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე თავდასხმას და აცხადებს, რომ ასეთი ძალადობრივი გზებით ზემოქმედება პოლიტიკურ პარტიაზე მიუღებელია.
დავითაიას თქმით, ძალადობრივი დაპირისპირება და თავდასხმები პოლიტიკურ პარტიაზე კიდევ უფრო დაძაბავს გარემოს მოახლოვებული მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.
„კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზებით ზემოქმედება პოლიტიკურ პარტიაზე, ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენს პოლარიზებულ საზოგადოებაში და აზიანებს ქვეყანას.
ძალადობრივი დაპირისპირება და თავდასხმები პოლიტიკურ პარტიაზე კიდევ უფრო დაძაბავს გარემოს მოახლოვებული მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, გამოიწვევს არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემებს, რასთან დაკავშირებითაც უკვე არსებობს შეკითხვები ჩვენს პარტნიორებში გამჭირვალობის კანონის მიღების, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო. ამ ფონზე ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაზე გამოიწვევს მთლიანად არჩევნების პროცესის ლეგიტიმაციის დაკარგვას.
მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოიჩინოს გონიერება და აღკვეთოს მსგავსი ქმედებები, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ჩაატარონ გამოძიება, მკაცრად დაისაჯოს და პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველას, ვინც ახორციელებს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, რაც უქმნის პრობლემებს ქვეყანას მნიშვნელოვანი არჩევნების წინ"- აცხადებს პაატა დავითაია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.
ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.