ვიცით, რომ არავის არ დასჯიან, რადგან ეს არის კრიმინალური რეჟიმი - ბარამიძე ენმ-ში შეჭრაზე

01.06.24 17:21
ვიცით, რომ არავის არ დასჯიან, რადგან ეს არის კრიმინალური რეჟიმი - ბარამიძე ენმ-ში შეჭრაზე

"ეს არის მოღალატური, კრიმინალური რეჟიმი, რომელსაც უნდა, რომ საქართველო გახადოს რუსეთის სატელიტი კოლონია" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში თავდასხმის ფაქტზე მართლმსაჯულება არ აღსრულდება.

არ არის გასაკვირი, რომ ეს რეჟიმი არაფერს არ გააკეთებს რეალურად იმათ დასასჯელად, ვინც თვითონ მოაგზავნა ჩვენს ოფისში. იმდენი თავდასხმა იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე, "ნაციონალურ მოძრაობაზე", სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებზე, პოლიტიკოსებზე, არაპოლიტიკოსებზე, რომელიმე გამოიძიეს? რომელიმე მოძალადე დაისაჯა? აქაც ვიცით, რომ არავის არ დასჯიან. ეს არის მოღალატური, კრიმინალური რეჟიმი, რომელსაც უნდა, რომ საქართველო გახადოს რუსეთის სატელიტი კოლონია, ქვეყანა, როგორიც არის ბელორუსი", - ამბობს გიორგი ბარამიძე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.

ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.