"პრაქტიკულად, "ოცნებამ" ტერორი დააანონსა, ეს დაშინება არ გაუვათ" - ხაზარაძე ენმ-ის ოფისზე თავდასხმაზე

01.06.24 17:31
"პრაქტიკულად, "ოცნებამ" ტერორი დააანონსა, ეს დაშინება არ გაუვათ" - ხაზარაძე ენმ-ის ოფისზე თავდასხმაზე

"პრაქტიკულად, "ოცნებამ" ტერორი დააანონსა" - ასე აფასებს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ენმ-ის ცენტრალურ ოფისში შეჭრის ფაქტს.

ხაზარაძე აცხადებს, რომ მიუხედავად მოქალაქეების დაშინების მცდელობისა, ივანიშვილის გუნდი ქვეყანას ვერ გაარუსებს და საქართველოს ევროპულ მომავალს ვერ დაუკარგავს.

"ქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად, ტერორი დააანონსა და ეს ტერორი მიმდინარეობს. თავდასხმა იყო ჩვენს ოფისზეც. ეს დაშინება არ გაუვათ, ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ, თავისუფლებას ვერ ჩაკლავენ. ჩვენ აუცილებლად გადავწყვეტთ ამ ქვეყნის ბედს თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს თავს შუაღამისას დაესხნენ - პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.

ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.