რუსულ კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწერა

03.06.24 11:49
რუსულ კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწერა

რუსულ კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწერა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

კონსტიტუციით, თუ პრეზიდენტი გადაცემიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს არ აწერს, ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კანონი საკანონმდებლო მაცნეზე ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ექნება ვალდებულება შეიმუშაოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, ვალდებულება ექნებათ დარეგისტრირდნენ პორტალზე და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სახელმწიფოების მოწოდებები, რომ არ დაემტკიცებინათ რუსული კანონი, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და ნატოსთან დაახლოებას. 

კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მსგავსი სიახლეები