არავის არ ეშინია. თუ დაიწყებენ რეპრესიებს, ეს ამ პროტესტს ვერ შეანელებს და კიდევ უფრო მეტად გაზრდის - ბესელია
"ამ პროტესტს ვერ შეანელებს და კიდევ უფრო მეტად გაზრდის თუ ისინი დაიწყებენ ამ რეპრესიებს" - ამ განცხადებას ეკა ბესელია დაანონსებულ რეპრესიებთან დაკავშირებით აკეთებს.
ბესელია ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც რეესტრში დარეგისტრირებაზე ბოიკოტს აცხადებს.
როგორც ბესელია ამბობს, რეპრესიები საზოგადოებას ვერ შეაშინებს, პირიქით, მოაბილიზებს მათ არჩევნებისთვის.
ჯერ ერთი, ეს ამ პროტესტს ვერ შეანელებს და კიდევ უფრო მეტად გაზრდის თუ ისინი დაიწყებენ ამ რეპრესიებს. ეს კრიტიკა და პროტესტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, იმიტომ, რომ პაპუაშვილს სიზმარშიც არ უნახავს რეპრესიები, რაც ჩვენ გამოვლილი გვაქვს და გამოწრთობილი ვართ, ჩვენ ნუ შეგვეჯიბრება გამძლეობაში, ამიტომ, სულ ტყუილად, ეს საპირისპირო ეფექტის მატარებელია - არავის ამის არ ეშინია, მობილიზებას კი გაუკეთებს არჩევნების წინ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას,“ - ამბობს ეკა ბესელია.
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ შექმნილ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან, რეპრესიებით კახა კალაძეც ემუქრება.