"ქართულ ქარტიას" ამ დროისთვის 16 პარტია აწერს ხელს - რას ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები
"ქართულ ქარტიას" ამ დროისთვის 16 პარტია აწერს ხელს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ვინც ათონელის რეზიდენციაში მივიდა და პრეზიდენტის ინიცირებულ დოკუმენტს ხელს მოაწერა, ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საჭიროა ერთობა კონკრეტულ და უმნიშვნელოვანეს თემებთან დაკავშირებით.
ძალიან კარგი ტექსტია, პოლიტიკური პარტიების საქმე იქნება, რომ ამ მიმართულებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი თვითმმართველობის რეფორმაზეც აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ნაწილი არ არის ქარტიაში. ერთიანად დემოკრატიული მოდერნიზაცია, ანუ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი საქართველოსი იქნება უზრუნველყოფილი ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან,“ - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
ეს არის გაერთიანება ოპოზიციის იდეის ირგვლივ. არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი ერთიან სიაზე საუბარი ან რაიმე სხვაზე, ეს არის გაერთიანება იდეის ირგვლივ. ვინც ნახა ეს ქარტია, ნახავს, რომ იქ არის გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ძირეულად ღირებულია დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვაწერეთ ქარტიას, მხარს ვუჭერთ,“ - ამბობს ქეთევან თურაზაშვილი.
ეს არის არა მხოლოდ ქართული ქარტია, არამედ ეროვნული მანიფესტი. იმიტომ, რომ თუ სადმე გადის ჩვენი ეროვნული ფრონტი თავისი შინაარსობრივი გაგებით, დემოკრატიული გაგებით, ეს არის ინსტიტუტების მშენებლობა და სახელმწიფო პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემების ისე რეფორმა, რომ ვერასდროს საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, კლანის, პირის ხელში ვერ აღმოჩნდეს ძალაუფლება,“ - ამბობს ნიკა მაჭუტაძე.
ათონელის რეზიდენციაში მისვლას და პრეზიდენტის ინიცირებულ დოკუმენტზე ხელმოწერას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებიც გეგმავენ.