რუსები ამბობენ, კარგად იქცევით, ბიჭებოო - პრეზიდენტი "ოცნებას"
სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" რიტორიკას უწუნებს - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრის დროს ღიად განაცხადა, რომ ივანიშვილის გუნდს ევროკომისიის რეკომენდაციების პირნათლად შესრულებისთვის პოლიტიკური ნება არ გამოუჩენია.
პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ მიუხედავად საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა, მმართველმა პარტიამ დასავლეთის მოწოდებები არ გაითვალისწინა და "სხვა განზომილებაში გადავიდა".
"ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო" - დასძენს პრეზიდენტი და იქვე ამატებს, რომ "ოცნებას" ქვეყანა ოკუპანტი რუსეთისკენ მიყავს.
ეს კონსულტაციები ყველა მსურველისთვის ღია იყო და საწყისი ამ პროცესის იყო ის, რომ ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება რეალისტურად, მოკლე დროში იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ჩვენ ღირსი ვართ, პოლიტიკური ნება რომელიც აქამდე არ გამოჩენილა, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და შეიძლება, ისევე დაუბრუნდნენ გეგმას, რომ ჩვენთვის გაიხსნას მოლაპარაკებები. არავინ არ გვთხოვს, რომ 120 პროცენტით შევასრულოთ ყველაფერი. თუკი იქნება პოლიტიკური ნება, რასაც ეხვეწებოდნენ "ქართულ ოცნებას", რომ გვაჩვენეთ სურვილი, რაც არ უჩვენებიათ. ეს არის ის, რაც იყო ამ პროცესის დასაწყისში.
ამას მოყვა მმართველი გუნდიდან მკაცრად გაუარესებული პოზიციები. ეს ეხებოდა რიტორიკას, პირდაპირ აგრესიული და ანტიდასავლური რიტორიკა მოყვა. იმის მაგივრად, რომ ემუშავათ კანონებზე, რომელიც შეასრულებდა 9 ნაბიჯის ნაწილს, მიიღეს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება...
რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა, სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი, ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და ყველა ორგანიზაცია, ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ. ამაზე ნათელი გზავნილი არამგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს. მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ეს პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ - ან-ან-ის საკითხი დადგა. ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით ისე თუ ასე, ხან ჩქარა, ხან ნელა, მაგრამ ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით, კოლაბორაციონიზმი დაარქვით, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს არის სხვა მიმართულება, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც სხვათა შორის, ძალიან აფასებს ყველა განცხადებას და ყველა ნაბიჯს მიღებულს მმართველი გუნდის მიერ. ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო", - ამბობს პრეზიდენტი.