ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, დანის ჩარტყმაა ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან - ზურაბიშვილი
"ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან" - ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულ კანონებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ივანიშვილის გუნდის ინიციატივებს საკმარისი ყურადღება ვერ მიაქციეს.
"მაგალითად, ოფშორების კანონს, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა" - დასძენს პრეზიდენტი და კანონს "ტოტალურად არაგამჭვირვალეს" უწოდებს.
სალომე ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ მმართველი პარტია "მავნებლურ კანონს" ამზადებს, რომლითაც მთავრობა საპენსიო ფონდის სრულად დაუფლებას შეეცდება.
ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო.
მაგალითად, ოფშორების კანონს, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში, ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.
ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.
მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.