ცისკარიშვილი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა ნახონ „ოცნების“ რეალური სახე, ვანდალიზმი, ძალადობა
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რათა ნახონ „ქართული ოცნების“ რეალური სახე, ვანდალიზმი, ძალადობა - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მის შეფასებით, აუცილებელია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა იცოდნენ, თუ როგორი წინასაარჩევნო პერიოდი იქნება საქართველოში
"საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან ჩვენს ოფისში, რადგან საკუთარი თვალით ნახონ "ქართული ოცნების" რეალური სახე, ის ვანდალიზმი, ის ფიზიკური ძალადობა, რომელიც ჩაიდინეს. გამთენიისას, დაახლოებით 80-მდე ადამიანი პარტიის ოფის თავს დაესხა და დააზიანეს ინფრასტრუქტურა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ როგორი იქნება წინასაარჩევნო 4-5 თვე. ჩვენ ვართ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავარი სამიზნე. მათ მიზნად აქვთ, რომ ჩვენი პარტია განადგურდეს, რაც ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის და ამ ვანდალიზმის არ გვეშინია.
გამოძიება ყველაზე მსუბუქი მუხლით აქვთ დაწყებული. ეს იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, მაგრამ, იმის, რომ სამართალი დადგება და დამნაშავე გამოაშკარავდება, იმედი არ მაქვს. სამართალდამცავი სტრუქტურები თავის საქმეს არ აკეთებენ, იყვნენ და ამოიღეს ნივთმტკიცებები, თუმცა ეს მოჩვენებითია, ვითომ რაღაცას იძიებენ. ზუსტად იციან ვინც ჩაიდინა. მათ აქვთ პოლიტიკურ დავალება, რომ ისინი მთავარი მფარველები იყვნენ ამ დამნაშავეების" , - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ენმ-ის საგარეო მიმართულების მდივანი ზურა ჭიაბერაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან;