სანქციები, გაწევრიანების დაბლოკვა და ესტონეთში შესვლის აკრძალვა ივანიშვილს - 44 დეპუტატის განცხადება ესტონეთის მთავრობას
44 დეპუტატი ესტონეთის პარლამენტში მოუწოდებს ესტონეთის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ დააწესოს სანქციები, ასევე კანონის გაუქმებამდე ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები დაბლოკოს.
ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო განხილვაზე რიიგიკოგუში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ერიკ-ნილეს კროსმა წარადგინა, რომელიც "საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გმობს".
განცხადების პროექტში, რიიგიკოგუს დეპუტატები ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონს რუსული ე.წ. უცხოური აგენტების კანონით შთაგონებულს უწოდებენ.
"სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან რეფორმებს და დემოკრატიზაციას, რომელიც ევროკავშირთან არის შეთანხმებული და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები დაბლოკოს, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ევროკავშირი, ვენეციის კომისია და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან შეუთავსებლად მიიჩნევს. რიიგიკოგუ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონი.
განცხადების დრაფტში ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლის გაყინვას, სანამ ე.წ. რუსული კანონი არ გაუქმდება.
გარდა ამისა, განცხადების პროექტში, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ უნდა დაწესდეს სამთავრობო სანქციები, მათ შორის ესტონეთში შესვლა აეკრძალოთ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის ხელმძღვანელებს, ასევე, ქართული ოცნების ხელმძღვანელობას.
ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო, ასევე, მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ჩაატაროს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართული იყო ძალადობაში.
"რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს", - ნათქვამია განცხადებაში.