"სამარცხვინოა, მისი განცხადება! გონზე არ არის..." - კალაძე პრეზიდენტზე
თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი "გონზე არ არის" თუ რა პროექტზეა საუბარი.
კალაძე ირწმუნება, ევროპულმა და ამერიკულმა კომპანიებმა თავად არ მიიღეს პროექტში მონაწილეობა.
"სამარცხვინოა უბრალოდ მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაში. ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა.
თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, მიეღოთ მონაწილეობა, ყოფილიყვნენ გამარჯვებულები და განეხორციელებინათ ეს პროექტი, ვინ უშლიდათ", - ამბობს კალაძე.
გუშინ, პრეზიდენტმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ჩინელების ამ დოზით შემოყვანა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში დანის ჩარტყმაა".