პრემიერი შეშინებულია - ახალგაზრდების პასუხი კობახიძეს
პრემიერს ახალგარდების გულწრფელი პროტესტის ეშინია - ასე პასუხობს შვილების თაობა ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები "აგენტებად" შერაცხა.
სტუდენტების თქმით, ხელისუფლებას არ გამოუვა, მათ პოლიტიკური პარტიის იარლიყი მიაკეროს:
ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ მცდელობას, რაღაცნაირად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის იარლიყი მოგვაკეროს, მოგვნათლოს უცხოეთის აგენტებად, მისი ყველა ეს მცდელობა სრული ფიასკოთი და კრახით სრულდება. ცხადია, ეს არის შიშის გამოვლინება მათი მხრიდან. მათ ბუნებრივ სინდრომად იქცა, როგორც თვითონ არიან არათავისუფლები, არაგულწრფელები, ასევე წარმოუდგენიათ ნებისმიერი სხვა ადამიანი"- ამბობს ნიკო მანაგაძე
მთავრობის მეთაურის შიშზე ამახვილებს ყურადღებას აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ოთო ფარულავა. მისი თქმით, ახალგაზრდებს ვერავინ აიძულებს, რუსეთში იცხოვრონ.
ირაკლი კობახიძე არის მშიშარა ადამიანი, ის არის ახალგაზრდების პროტესტით შეშინებული, იმ ადამიანებით, რომლებიც არიან თავისუფლები, თავისუფალ საქართველოში დაბადებულები, რომლებსაც არ უნდათ, იცხოვრონ რუსულ წარსულში. ამიტომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ეს ადამიანები დააშინოს - დასძინა ოთო ფარულავა.
"პრემიერ-მინისტრის განცხადებები სულ უფრო და უფრო გაუგებარი და არაადეკვატური ხდება"- ეს შეფასება კი ვადო მაჭავარიანს ეკუთვნის.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნეის წაგების შიშმა დაიპყრო.
შეუძლებელია, იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრი და საკუთარ 100 000-ით მოქალაქეს, საკუთარ ახალგაზრდობას, აიგივებდე რომელიღაც პოლიტიკურ პარტიასთან, როცა შენ ყველაზე კარგად იცი, რომ იქ არცერთი პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციის გამო არ მდგარან ადამიანები, დგანან ქვეყნის სიყვარულის გამო. შესაბამისად, ეს კობახიძისგან არის მორიგი შიშის გამოხატულება. მათ ეშინიათ არჩევნებში წაგების, მათ ეშინიათ ახალგაზრდების აქტიურობის. ცდილობენ, ისევ ამ ნაც-ქოცობაში გადაიყვანონ ეს ყველაფერ, რაც მათ არ გამოუვათ" - განმარტავს ვადო მაჭავარიანი.
ზვიად ცეცხლაძე პრემიერის მხრიდან "უტიფარი ტყუილის" გავრცელებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კობახიძის მსგავს განცხადებებს ფასი არ აქვს და პროპაგანდის ნაწილია.
იმის საჯაროდ აღიარება, რომ საზოგადოება შენს წინააღმდეგ არის წამოსული, მათი გადმოსახედიდან დაუშვებელია. ამიტომ ცდილობენ, ყველაზე უტიფარი ტყუილი თქვან. როგორც გებელსის პროპაგანდა ამბობდა, თქვი ყველაზე დაუჯერებელი ტყუილი და პროპაგანდის ერთ -ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეს არის. ასეთ განცხადებებს საერთოდ არ უნდა გამოვეკიდოთ, რადგან მათ განცხადებებს ფასი არ აქვს"- განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.