კობახიძე მადლობას უხდის ჩინეთს, რომელმაც დევნილებზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

05.06.24 12:37
კობახიძე მადლობას უხდის ჩინეთს, რომელმაც დევნილებზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გაეროში დევნილების შესახებ რეზოლუციაზე თავის შეკავების გამო საქართველოს პრემიერი ჩინეთს მადლობას უხდის. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მკაფიოდ უჭერს მხარს.

ამასთან, პრემიერი ირწმუნება, რომ რეზოლუციაზე მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდა სწორედ "ოცნების" დამსახურებაა. 

გაეროს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა, ამისათვის განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ დევნილებთან დაკავშირებულ რეზოლუციას ჰქონდეს ფართო მხარდაჭერა.

შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა.

რაც შეეხება ჩინეთს, მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია. [...] ჩინეთი აღიარებს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გაეროს რეზოლუცია მაგას არ ეხებოდა. ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, - თქვა კობახიძემ.

საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა გაეროში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის კენჭისყრა  4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები