რა გახდა შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი და რას სთხოვდა ყოფილ პროკურორს კობახიძე?

05.06.24 13:20
რა გახდა შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი და რას სთხოვდა ყოფილ პროკურორს კობახიძე?

 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს პრემიერის "ლიკვიდაციის" საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა გახდა.

"პირველებს" წყარომ გაუმხილა, რომ პრემიერი შოთაძეს დაჟინებით სთხოვდა, რომ კომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

არაოფიციალური ცნობით, ირაკლი შოთაძის  მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

საქართველოს პრემიერი კი დღეს ისევ მისი ლიკვიდაციის საქმეზე ალაპარაკდა. პრემიერი კობახიძე პრაქტიკულად საგამოძიებო უწყებებს ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას თხოვს. კობახიძე ამბობს, რომ მზად არის იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს. 

"ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ხო ახსნეს და ეს ახსნა უბედურება იყო ხომ?! ნახეთ როგორიც იყო ეს ახსნა [გეშინოდათ რომ მოგკლავდნენ? ასე დაგემუქრნენ?] არავითარ შემთხვევაში, მე არაფრის არ მეშინოდა, მე ვთქვი რითაც დამემუქრნენ. სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით. დაგვემუქრნენ პირდაპირ ფორმით ფიცოს ბედის გაზიარებით. რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერის საკითხს და შესაბამის მუქარას, ამასთან დაკავშირებით, თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ რომ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები. როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულება", - თქვა კობახიძემ. 

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - დაწერა კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა. 

 

მსგავსი სიახლეები