"იარაღს ხომ არ ამოიღებდა ევროკომისარი, მეტი მუქარა რა გინდათ?" - დაიწყება თუ არა გამოძიება ვარჰეის წინააღმდეგ?
რომელი ძალოვანი უწყება აიღებს საკუთარ თავზე ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიებას - ჯერჯერობით არცერთი უწყება არ ამბობს, დაიწყებენ თუ არა გამოძიებას პრემიერის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების საფუძველზე.
ხელისუფლების რადიკალური დაჯგუფების, "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, კობახიძის მსგავსად ირწმუნება, რომ ევროკომისარის წინააღმდეგ პირდადპირი მტკიცებულებები არსებობს.
საუბარი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, თან აღიარებითი ჩვენება ამ ევროკომისარმა საჯაროდ დადო და თქვა, რომ კი, ის ელაპარაკა საქართველოს პრემიერს და თქვა, რომ არ უნდა საქართველოს ასეთი პროცესები, აი ხომ ნახეთ, რა მოუვიდა სლოვაკეთის პრემიერს და იგივე თქვენთან რომ არ მოხდეს... აბა ახლა მეტი მუქარა, იარაღს ხომ არ ამოიღებდა ევროკომისარი და ხომ არ ეტყოდა, გესვრი, თუ რამეს არ გააკეთებო. პირდაპირი მინიშნება იყო, რომელიც ამ ევროკომისარმა აღიარა და პირდაპირ დევს მტკიცებულება იმისა, რომ აქ იყო მუქარანარევი ტონი. თქვენი ინეტერესი ნომერი პირველი და შეშფოთება უნდა იყოს, რომ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს, მათ შორის თუნდაც უარყობითი, ევროკომისარს, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასეთი რამ არ უნდა იკადროს და არ უნდა გაბედოს", - ამბობს მაჭარაშვილი.
საქართველოს პრემიერი დღეს ისევ მისი ლიკვიდაციის საქმეზე ალაპარაკდა. პრემიერი კობახიძე პრაქტიკულად საგამოძიებო უწყებებს ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას თხოვს. კობახიძე ამბობს, რომ მზად არის იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს.
23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.
ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.