"თქვენ სანქციებს ხედავთ? მე ვერ გადავალ? ჩვენ სანქციების არ გვეშინია" - არის თუ არა ბერაია სანქცირებულთა სიაში

07.06.24 12:25
"თქვენ სანქციებს ხედავთ? მე ვერ გადავალ? ჩვენ სანქციების არ გვეშინია" - არის თუ არა ბერაია სანქცირებულთა სიაში

 

 

არის თუ არა სანქცირებულთა შორის რუსული კანონის მხარდამჭერი დაჩი ბერაია? - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მას შეტყობინება არ მიუღია და სახდეპს აკრიტიკებს იმის გამო, რომ არ იცის, არის თუ არა სანქცირებული. ბერაიას თქმით, მას რამდენიმე საათიანი ფრენა მოუწევს იმის გამო, რომ გაარკვიოს, დაასანქცირა თუ არა აშშ-მა.

დაჩი ბერაია აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას უწუნებს.

ბერაია: თქვენ სანქციებს ხედავთ? ვინ ვერ ჩავა? კონკრეტულად ვინ ვერ ჩავა? რაზე ვლაპარაკობთ ხომ? კომიკურიც არ არის ეს სიტუაცია, რომელსაც დღეს ვხედავთ. 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შედეგი იყო ის, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები მექსიკის გავლით  არალეგალურად შედიან აშშ-ში. 30 წლიანმა სტრატეგიული პარტნიორობამ შედეგად მოგვცა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ არასდროს შესაძლებლობა და უფლება ლეგალურად შესულიყვნენ აშშ-ში.

ჟურნალისტი: თქვენი კოლეგების შვილები მექსიკიდან შევიდნენ? თუნდაც ღარიბაშვილის შვილი?

ბერაია: ჩვენ ვლაპარაკობთ ქართველ ხალხზე... აქ არ ვლაპარაკობთ კონკრეტულ ადამიანებზე, ზოგადად ხალხზე ვლაპარაკობთ. ნაწილი რომ გადადის ჩვეულებრივად, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა?

ჟურნალისტი: ახლა მექსიკიდანაც ვეღარ გადახვალთ

ბერაია: მე ვერ გადავალ? დარწმუნებული ხართ? მე არ ვიცი, შევძლებ თუ არა.

ჟურნალისტი: აპირებთ ამერიკაში წასვლას?

ბერაია: ახლო მომავალში არ მაქვს დაგეგმილი. არ ვიცი, გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა, თუმცა შეიძლება ინტერესის გამო, რომ ვარ თუ არა დასანქცირებული, ამხელა გზა უნდა გავიარო, აქედან უნდა ვიფრინო საათობით, დღე-ღამე უნდა ვიმოგზაურო, რომ დავადგინო, დამიწესდა თუ არა სანქცია, უტრირება მოვახდინე - რომ დავადგინო ვარ თუ არა სანქცირებული, დღე-ღამე უნდა ვიმგზავრო იქით, მერე აქეთ და მხოლოდ იმიტომ, რომ დავადგინო, შეეძლოთ წერილობით შეეტყობინებინა, შეძლოთ როგორც მოსამართლეების შემთხვევაში, საჯაროდ განეცხადებინა.

როგორც ბერაია ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობას სანქციების არ ეშინია.

გამჭვირვალობის კანონის გამო, ამერიკამ გაუმჭვირვალედ დაასანქცირა ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები ანუ რასთან გვაქვს საქმე ? ამ ადამიანებს გამჭვირვალობის არა მარტო საქართველოში, თურმე ამერიკაშიც ეშინიათ. რას ნიშნავს სახელს და გვარებს არ დავასახელებთ? მათაც არ შევატყობინებთ. ერთი შემთხვევა იყო მოსამართლეებზე, როდესაც მიზეზი არ თქვეს, თქვენ თვითონ დაადგინეთო და სახელი და გვარი თქვეს, ახლა რაღაც აბსურდული მიზეზი მოიგონეს და სახელები და გვარები არ დაასახელეს. ჩემთვის ეს ფენომენი ამოუხსნელია. არ ვიცი... ეს ჩვენი დაუძინებელი მეგობრები რაღაც უცნაურად იქცევიან ბოლო პერიოდში...
მე ვამბობდი, რომ ჩვენ სანქციების არ გვეშინია, დღესაც იმავეს გავიმეორებ, რომ არანაირი სანქციის ჩვენ არ გვეშინია და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს ვურჩევდი, 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში ერთხელ მაინც შეესწავლათ ქართული ისტორია და ერთხელ მაინც ენახათ როგორი პატრიოტიზმით მოიტანა ქართველმა ერმა დღევანდელ დღემდე ქართული სახელმწიფო," - ამბობს ბერაია.

სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

 "ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?

მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.

 

მსგავსი სიახლეები