"ოცნების" მიერ სამშობლოს ღალატის გამო, თუ აშშ და ბრიტანეთი საქართველოს დაასანქცირებენ, ქვეყანა ბანკროტი გახდება - ვაშაძე
დაასანქცირებს თუ არა დიდი ბრიტანეთი რუსული კანონის ხელმომწერ დეპუტატებს? - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველოში განვითარებული პროცესების გამო, შესაძლოა, მომავალში გაერთიანებულმა სამეფომ ინდივიდუალური სანქცირების პაკეტი გამოსცეს.
"გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთი ლიდერი ღიად აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების დაფინანსებისა და მხარდაჭერის გარეშე ქვეყანა გაკოტრდება და ქართველ ხალხს ყველანაირი შესაძლებლობა დაეკარგება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ოლიგარქის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოღალატეებს უწოდებს და დასძენს, რომ ანტიდემოკრატიული კანონის რეინიცირებით "ქართულმა ოცნებამ" სამშობლო გაყიდა.
ვცდილობთ, რომ სანქციები არ შეეხოს ქვეყანას და სანქციები იყოს მხოლოდ პერსონალური, რადგან საქართველო რომ დაასანქციროს ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხვალ ქვეყანა იქნება ბანკროტი. ამერიკის და ევროკავშირის შემთხვევაშიც ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არ არის საბოლოო ნაბიჯები. აშშ-ის მხრიდან ღიად განიხილება ფინანსური სანქციები. ის უკვე სხვა რანგის, პერსონალიზებული სანქციებია. მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთიც ამ გზით წავა. სავიზო იქნება თუ ფინანსური სანქციები, კიდევ უფრო მძიმე იქნება "ოცნებისთვის", რადგან ბრიტანეთთან ბევრს აქვს კონტაქტი, ბევრი სხვადასხვა პრივილეგიებით სარგებლობს. მე არ მახარებს, რომ საქართველოსთან მიმართებით ასეთი რამ ხდება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. როდესაც დიდ ღალატთან, სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე, მე ვფიქრობ, რომ სხვა გზა რეაგირების არ არსებობს", - ამბობს ვაშაძე.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.
"ოცნების" წევრები, დეპუტატები, სამართალდამცავები, კერძო მოქალაქეები - ვინ მოხვდა სახდეპის სანქცირებულთა სიაში?
მილერის თქმით, აშშ არ გამორიცხავს დამატებით სანქციებს. მილერის თქმით, სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა, ეს ეხება ყველა იმ დარღვევას, რაც ბოლო დროს მოხდა, მათ შორის ძალადობრივი გზით საპროტესტო აქციების მონაწილეების დარბევას.