საქართველო იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან და არა დაბრკოლებების შექმნას ევროპისკენ მიმავალ გზაზე - ბოჭორიშვილი

11.06.24 17:13
საქართველო იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან და არა დაბრკოლებების შექმნას ევროპისკენ მიმავალ გზაზე - ბოჭორიშვილი

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას პარტნიორების მხრიდან და ამასთან, მისი ევროპისკენ მიმავალ გზაზე არა დაბრკოლებების შექმნას, არამედ ხელის მეტად შეწყობას, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ოცნების" წევრის თქმით, ევროკავშირი და საქართველო უნდა "გაუმკლავდეს გამოწვევებს", რადგან მათ 5 წლის განმავლობაში ერთად მუშაობა მოუწევთ.

ბოჭორიშვილის შეფასებით, მმართველ გუნდს საქართველო რეფორმების გზით მიჰყავს და დემოკრატიული სამყაროს წევრებს შორის ადგილის დასაკავებლად ყველაფერს აკეთებს.

„საქართველოს და ევროკავშირს მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოუწევს ერთად მუშაობა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოვემზადოთ ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მომენტისთვის. ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ორივე მხარე უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს იმგვარად, რომ ევროკავშირმა შეძლოს ახალი წევრების მიღება და საქართველოც, თავის მხრივ, საჭირო დროს, მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. ამისთვის გვჭირდება პირველ რიგში მშვიდობა და პოლიტიკური პროცესის სტაბილურობა ქვეყანაში.

ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა იყოს მტკიცე, სხვაგვარად, ცხადია, დასახულ მიზანთან მიახლოება რთული იქნება. სწორედ ამისთვის იბრძვის დღევანდელი ხელისუფლება, რომ საფრთხე არ დაემუქროს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ მომავალს. სხვა მხრივ, ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია სწორი რეფორმების გზით, საქართველო ვატაროთ წინ და უფრო მოწინავე ადგილი დავიკავოთ თანამედროვე დემოკრატიული სამყაროს წევრებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები