ვინ აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს? რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას? - ლილუაშვილს პარლამენტში ელოდებიან
გრიგოლ ლილუაშვილს პარლამენტში ელოდებიან - სუს-ის უფროსმა დეპუტატებს ანგარიში ხვალ უნდა ჩააბაროს.
ანგარიშში საგამოძიებო უწყება წერს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობები ღვივდება, მაგრამ ვინ ქმნის ამ რეალობას, დოკუმენტში არაფერი წერია.
53-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გავლენების მოპოვებასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ცდილობენ, თუმცა რომელ ქვეყნებს გულისხმობს ლილუაშვილი, არ აკონკრეტებს.
სუს-ის უფროსმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რატომ არის ასე მყიფე ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, გავიგოთ, ლილუაშვილის პასუხი იმ ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებებს შესახებ, რომელსაც ყოველ წელს, პრაქტიკულად გვიანონსებენ, მაგრამ ეს ფანტაზიის სფეროდ რჩება და კიდევ ერთხელ ვეკითხებით მას, ვინ იყო ის პოლიტიკური ლიდერი, ვისი ლიკვიდაციის გეგმაც იგეგმებოდა,“ - ამბობს ლანა გალდავა.
როგორც დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, სუს-ის უფროსმა უნდა თქვას, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები იგულისხმებიან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენას.
ზოგადი საუბარი სუს-ის მხრიდან, არ არის სიახლე, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ჩვენ მტრულად განწყობილ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ამ საქმიანობას გავშიფრავთ, რაც ანგარიშში წერია, ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნება არის ამ მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურის გავლენის ქვეშ და ამ ვითარებაში, ბუნებრივია, კითხვა არსებობს - უნდა თქვას სუს-ის უფროსმა, ვის გულისხმობს და რასთან გვაქვს საქმე,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
დეპუტატი თამარ კორძაია თვლის, რომ სუს-ის ანგარიში არაერთი ტყუილი და დეზინფორმაციაა.
თუ გვინდა დავინახოთ, რა არის დეზინფორმაცია და ტყუილები ხელისუფლების მხრიდან, უნდა წავიკითხოთ სუს-ის ანგარიში, იმიტომ, რომ ზუსტად, როდესაც ის საუბრობს, რომ ქვეყანაში ძლიერდება ანტიდასავლური პროპაგანდა, მერე იქ არის ჩარჩოში მოყვანილი მაგალითები და საუბარია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს იცავენ ამ ქვეყანაში, ანუ ტყუილების კასკადია სუს-ის ანგარიშში მოყვანილი,“ - ამბობს თამარ კორძაია.
ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ სუს-ის ანგარიშში ანტიდასავლური განწყობების გამღვივებლებში ოპოზიცია იგულისხმება.
ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღვივებს ანტიდასავლურ განწყობას, ეს არის, მეტი არაფერი. რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა ანტიევროპული განწყობა მიიღოს,“ - ამბობს შოთა ხაბარელი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სუს-ი თავის ანგარიშში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშებს ეყრდობა, მაშინ, როდესაც სახელისუფლებო გუნდი ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციას მუდმივად ცდილობს, ამაზე ახსნა არ აქვთ "ოცნების" დეპუტატებს:
სუს-მა დაწერა ანგარიშში რაღაც მონაცემები, რომელიც არ განმარტა და გინდათ მე განვმარტო?
ეს ის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდა ხომ? რას ნიშნავს, მე არ ვიცი რას მეკითხებით.
გამოძიების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, და იქ რა პროცესები მიდის, მე არ ვარ საქმის კურსში და მე არ მაქვს კომპეტენცია, ამის შესახებ თქვენ გესაუბროთ,“ - ამბობს დაჩი ბერაია.
სუს-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კორუფციასთან ბრძოლაში ევროკავშირი ეხმარება და ის აფინანსებს.