იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

11.06.24 18:22
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

ლონდონის კრისტის აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

ირკვევა, რომ ის ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა - ამ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

აუქციონი თბილისის დროით 17:00 საათზე ჩატარდა.

დღეს, 11 ივნისს,  ლონდონის  Christie's  აუქციონზე Manuscript Masterpieces from The Schøyen Collection  წარმოდგენილი იყო სინაის მთის (ეგვიპტე)  ხელნაწერი არამეულ და ქართულ ენაზე.

ის ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 საუკუნეებში.

შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტში (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.

პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის ბერი იოანე ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრიდან.

აუქციონის სახლის ინფორმაციით, ხელნაწერი ქართველმა ბერმა და სწავლულმა იოანე ზოსიმემ 979 წელს ხუცური დამწერლობით შექმნა. ის მარტინ შოენის კოლექციიდან იყიდებოდა.

1955 წლის ზაფხულში ფლორენციაში 15 წლის მარტინ შოენმა შეიძინა თავისი პირველი ანტიკვარული წიგნი – ფრანგული ქადაგებების ხელნაწერის ფრაგმენტი – 1300 წ. ამ ხელნაწერის შეძენიდან დაიწყო ოდესმე შეკრებილი ხელნაწერების ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი კოლექციის ისტორია.

1980-იანი წლების ბოლოს მარტინ შოენი და მისი კოლექცია ცნობილი გახდა აუქციონის სახლებისთვის, მეცნიერებისთვის და დილერებისთვის. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი მასშტაბისა და ხარისხის კოლექციის შეგროვება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტინ შოიენმა წარმატებას მიაღწია.

კოლექცია მოიცავს 1300 კულტურის ისტორიის ძეგლს და მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ხელნაწერებს, როგორიცაა კროსბი-შოიენის კოდექსი, ჰოლხამის ებრაული ბიბლია, Codex Sinaiticus Rescriptus და Geraardsbergen ბიბლია, ასევე ბერძნული ლიტერატურა, ჰუმანისტური შედევრები, ადრეული ინგლისური სამართალი, შოტლანდიური მატიანე და სხვა.

მსგავსი სიახლეები