ჩინური "კონსორციუმისთვის" ანაკლიის პორტის ჩასაბარებლად, მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი - რას ამბობს დავითაშვილი

20.06.24 13:32
ჩინური "კონსორციუმისთვის" ანაკლიის პორტის ჩასაბარებლად, მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი - რას ამბობს დავითაშვილი

ჩინური კონსორციუმისთვის ანაკლიის პორტის ჩასაბარებლად, მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი და სადავო შეთანხმებას მწვანე შუქს რამდენიმე კვირაში აუნთებენ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს.

„იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, გვყავს მეორე კომპანიაც კონსორციუმში - China Harbour Investment, ასევე რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა - ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები.

ამიტომაც ეს პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს. რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომელზედაც მე მქონდა საუბარი საჯაროდაც, იმისთვის, რომ სრულად შესაბამისობაში იყოს მიღებული წინადადება ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ გამარჯვებულს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიაში საზღვაო სამუშაოების დაწყებაზეც გააკეთა განმარტება. მისი ინფორმაციით, ბელგიური საერთაშორისო-საინჟინრო კომპანია, რომელიც სამშენებლო ნაწილში არის სახელმწიფოს კონსულტანტი, აზუსტებს დეტალებს, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი კვირა ესაჭიროება.

ცნობისთის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.

მსგავსი სიახლეები