იქნება თუ არა ოხანაშვილი გენერალური პროკურორობის კანდიდატი? - რას ამბობს დეპუტატი
"მე განაცხადი არ შემიტანია," - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა ის გენერალური პროკურორობის კანდიდატი.
ოხანაშვილის თქმით, მას განაცხადი არ შეუტანია და საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარუდგენს პარლამენტს.
ეს ჩვენს კომპეტენციაში არ არის ვისაუბროთ იმაზე, რაც უნდა გადაწყვიტოს საპროკურორო საბჭომ. საპროკურორო საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარმოგვიდგეს. როდესაც წარმოგვიდგენს, იქ ნახავთ ვინ იქნება წარმოდგენილი. ვისაუბრო იმაზე, რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის არ იქნება სწორი. საპროკურორო საბჭო არავის სთავაზობს თანამდებობებს. საპროკურორო საბჭო არის უფლებამოსილი, რომ პარლამენტს კანდიდატები წარუდგინოს. მე განაცხადი არ შემიტანია, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, აქედან გამომდინარე, ყველა ერთად დაველოდებით კანდიდატების წარმოდგენას,“ - ამბობს ოხანაშვილი.
"პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, ივანიშვილმა რომ სთხოვოს, თუ შეიტანს განაცხადს საპროკურორო საბჭოში, ამაზე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „მესმის თქვენი ინტერესი, რომ ირიბად სხვადასხვა ფორმით დასვათ ეს საკითხი, მაგრამ თქვენი დახმარებით ეს გამოცდილება შევიძინეთ ჩვენ, ეს საკითხი არ დგას, შესაბამისად, მე განაცხადი არ შემიტანია“.
როგორია გენერალური პროკურორის დამტკიცების პროცედურები?
კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.
წამოცდენით გათქმული ამბავი - ვინ აღმოჩნდება ირაკლი შოთაძის ადგილმონაცვლე?
ისე რომ ჯერ განაცხადებიც კი არ იყო შესული საბჭოში, პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ყველაფერი წინასწარ იცის. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა "პირველების" საპასუხოდ დაადასტურა, რომ გუნდს კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს, და მას მედია "საჭირო დროს, საჭრირო ადამიანისგან გაიგებს".