"არ იყო პარტიული ვიზიტი, ლილუაშვილი არ წარმოადგენს პარტიის აქტივისტს" - ვოლსკი
"ეს არ იყო პარტიული ვიზიტი, ლილუაშვილი არ წარმოადგენს პარტიის აქტივისტს", - ამის შესახებ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი აკეთებს და სუს-ის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება.
ვოლსკის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რატომ იმყოფებოდა ლილუაშვილი აშშ-ში, ჩამოიტანა თუ არა მან ივანიშვილთან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სია, ან საერთოდ, იყო თუ არა ეს სამუშაო ვიზიტი.
თუმცა დეპუტატი აკრიტიკებს ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას, რომელმაც პირველმა გაახმოვანა ინფორმაცია ლილუაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით და თქვა, რომ "ივანიშვილმა საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად აშშ-ში შიკრიკი გააგზავნა".
მე არ მეგონა, რომ ასე დაბლა დაეცემოდა და ნულს ქვემოთ თუ იატაკს ქვემოთ ჩავარდებოდა გახარია, რა სისულელეს ლაპარაკობს, რა შიკრიკი. თუკი იმყოფებოდა კიდეც აშშ-ში, შიკრიკი რატომ ჰქვია, არ ვიცი. შიკრიკი არის თემა, ისე დამამცირებლად მოიხსენიებს, გეგონება, თვითონ პრემიერმინისტრად რომ ვთქვათ, მაგალითად, რომ რაღაცის თავმჯდომარე იყო. რაც ეხება და რაც ევალება უშიშროების სამსახურს, იმას აკეთებს, თუმცა ამ ვიზიტთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. თუ სამუშაო ვიზიტი იყო, თუ არასამუშაო ვიზიტი იყო, მსოფლიოში არსებული ვითარება, საკმაოდ რთული ვითარება, ის ინტენსიური ურთიერთობები რაც გაგვაჩნია, ასევე სპეციფიკა სამსახურებისა, შესაძლოა იმასაც ითვალისწინებდეს, რომ ამაზე წინასწარ პრესრელიზი არ კეთდებოდეს, ეს შიკრიკობას ნამდვილად არ ნიშნავს და ზრდილობასთან ერთად რაღაც ლოგიკასაც მოისაკლისებს. ეს არ იყო პარტიული ვიზიტი, ლილუაშვილი არ წარმოადგენს პარტიის აქტივისტს,“ - ამბობს ვოლსკი.
ჩამოუტანა თუ არა სანქცირებულთა გვარები გრიგოლ ლილუაშვილმა ქართულ ოცნებას? - სუს-ი დღეს იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ სპეცსამსახურების შეფი საგანგებო მისიით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
"პირველებმა" გაარკვია ვინ არის ძალოვანი, ვინც ოლიგარქმა ამერიკაში გააგზავნა. ბიძინა ივანიშვილმა საქმის დასალაგებლად შტატებში გრიგოლ ლილუაშვილი გაუშვა. ინფორმაციას სუსში ადასტურებენ.