კობახიძე საქართველოს პრემიერად ვერ აღიქვამს თავს, ის თავს აღიქვამს ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალად - ბუჩუკური
"პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერად ვერ აღიქვამს თავს, ის საკუთარ თავს აღიქვამს ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალად," - ასე ეხმაურება "საქართველოსთვის" დეპუტატი გერმანიაში პრემიერის, თბილისის მერის, ბიძინა ივანიშვილის შვილისა და UFC-ის მებრძოლის შეხვედრას.
ბუჩუკურის თქმით, მისთვის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შეხვედრას ივანიშვილის შვილიც ესწრებოდა.
მე, რაც პირადად თვალში მომხვდა, არის, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან, მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივანთან ერთად იმყოფებოდა არაფორმალური მმართველის შვილი. პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერად ვერ აღიქვამს თავს, ის საკუთარ თავს აღიქვამს ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალად, ამ ვითარებაში ეს შემადგენლობა სამწუხაროდ, კითხვის ნიშნებს ბადებს,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს.
პარალელურად, ნურმაგომედოვი აქვეყნებს ვიდეომასალას, საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობიდან. ამ მასალაში კარგად ჩანს, რომ რუსი ყოფილი მებრძოლი ქართულ სამთავრობო ლოჟაში ზის. პრეზიდენტის, პრემიერის და თბილისის მერის უკან.
რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - "პირველებმა" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა - კითხვის საპასუხოდ, კობახიძის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კობახიძე და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ.
მისცემენ თუ არა ქართულ პასპორტს დაღესტნელ მებრძოლს, UFC-ის ჩემპიონს, რომელსაც რუსეთი დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში ამხელს - "პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში პასუხობენ, რომ მოქალაქეობის მინიჭება პრემიერის კომპეტენცია არ არის, თუმცა არ უთქვამთ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი.