რა მესიჯები გაცვალეს? როცა ვარკვევთ, რომ ამ შეხვედრის დამალვას ცდილობდნენ, ეჭვები უფრო ძლიერდება - კუროპტევი

01.07.24 17:05
რა მესიჯები გაცვალეს? როცა ვარკვევთ, რომ ამ შეხვედრის დამალვას ცდილობდნენ, ეჭვები უფრო ძლიერდება - კუროპტევი

კობახიძე კადიროვის ახლო მეგობარს საგანგებო მისიით შეხვდა - ეს ვერსია აქვს ფონდ "თავისუფალი რუსეთის" კავკასიის ოფისის ხელმძღვანელს. 

იგორ კუროპტევი "პირველებთან" ინტერვიუში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისთვის, რომელიც პუტინთან პირდაპირ კავშირზეა, კობახიძეს კონკრეტული სათქმელი ჰქონდა.

რატომ წაიშალა ფოტო, სადაც რესტორანში კობახიძისა და დაღესტნელი სპორტსმენის შეხვედრაა ასახული? - "თავისუფლი რუსეთის" წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ეს ფოტო შეცდომით დადეს, რის შემდეგაც წაშალეს, რომ კობახიძესთან შეხვედრის ამბავი დამალულიყო, რადგან პუტინთან კავშირში მყოფი კაცის და საქართველოს პრემიერის პირდაპირ შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე სხვა ამბავს ნიშნავს. 

ეს ფოტო გამოქვეყნდა ტელეგრამში, შემდეგ მან წაშალა და უკვე კახი კალაძემ დადო ამ ფოტოს სხვა ვერსია, სადაც კობახიძე აღარ ჩანდა. ეს მიანიშნებს, რომ შეხვედრის ამბავი არ დაიმალებოდა, კალაძემ საკუთარ თავზე აიღო, რომ თითქოს როგორც სპორტსმენი სპორტსმენს ისე შეხვდა. საქართველოს პრემიერის შეხვედრა კი ამ ამბიდან გააქრეს. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირის შეხვედრა კაცთან, რომელიც კადიროვის ახლო მეგობარია და პუტინთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, უბრალო ამბავი არ არის. პუტინი მას აძლევდა ჯილდოებს, ჩუქნიდა დიდძალ ქონებას, ეს ძალიან დიდ კითხვას აჩენს. რაზე შეიძლება ელაპარაკათ, რა მესიჯები გაცვალეს ერთმანეთში,  ეს არის კითხვები, რომელიც ჩნდება და როდესაც ვარკვევთ, რომ ამ შეხვედრის დამალვას ცდილობენ, ეჭვი კიდევ უფრო ძლიერდება," - ამბობს კუროპტევი.

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს. 

პარალელურად, ნურმაგომედოვი აქვეყნებს ვიდეომასალას, საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობიდან. ამ მასალაში კარგად ჩანს, რომ რუსი ყოფილი მებრძოლი ქართულ სამთავრობო ლოჟაში ზის. პრეზიდენტის, პრემიერის და თბილისის მერის უკან.

რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - "პირველებმა" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა - კითხვის საპასუხოდ, კობახიძის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კობახიძე და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ.

მისცემენ თუ არა ქართულ პასპორტს დაღესტნელ მებრძოლს, UFC-ის ჩემპიონს, რომელსაც რუსეთი დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში ამხელს - "პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში პასუხობენ, რომ მოქალაქეობის მინიჭება პრემიერის კომპეტენცია არ არის, თუმცა არ უთქვამთ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი.