ქვემო ქართლი ვიცე-გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი - გიორგი შინჯიკაშვილი სამსახურში არ დაბრუნებულა

04.07.24 13:30
ქვემო ქართლი ვიცე-გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი - გიორგი შინჯიკაშვილი სამსახურში არ დაბრუნებულა

ქვემო ქართლი ვიცე-გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი - გიორგი შინჯიკაშვილი შვებულებიდან არ ბრუნდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ შინჯიკაშვილი სამსახურში 10 ივნისის შემდეგ არ მისულა,  გამოდის, რომ წესით მან კანონით გათვალისწინებული დასვენების ვადებით  ბოლომდე ისარგებლა და ლიმიტსაც კი გადააჭარბა.

ჩნდება კითხვა, საერთოდ აპირებს თუ არა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე "ხარებასთან" დიდ დაპირისპირებაში მყოფი მაღალჩინოსანი სამსახურში დაბრუნებას.

ხარებასა და შინჯიკაშვილის არაფორმალებს შორის დაწყებული ომიდან უკვე ერთი თვე გადის, "პირველების" ინფორმაციით, "ხარებას" შურისძიება უნდა, შინჯიკაშვილს ზუსტი ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე დაუდგენელია.

"პირველები" ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის სამსახურში იმყოფებოდა, თანამშრომლები ადასტურებენ, რომ შინჯიკაშვილი სამსახურში ამ დრომდე არ დაბრუნებულა. 

TV პირველის გადამღები ჯგუფი ვიცე-გუბერნატორის სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად ჩინოვნიკის ოჯახმა დუმილი არჩია. მათ არ უთქვამთ, დაასრულა თუ არა შინჯიკაშვილმა მარწყვის კრეფა, როგორც ამას რამენიმე დღის წინ თავად ამტკიცებდნენ. 

ხარებას სპეცრაზმელების ცემის საქმის ახალი მტკიცებეულებები შაბათის ეთერმა გაასაჯაროა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ფორმალებსა და არაფორმალებს შორის მომხდარი გარჩევის, პრაქტიკულად, ყველა დეტალი გაშიფრეს. მოიპოვეს რწმუნებაც, რომ დარბევის სამმართველოს უფროსიი სასტიკად არის ნაცემი და მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. დადასტურებით გაირკვა, რომ სპეცრაზმელებს სახის ძვლები და კბილები ჩაუმტვრიეს და აქვთ ტვინის შერყევაც.  

რამდენიმე დღის წინ, კაცი, რომელიც მარწყვის ბაღებში გვეგონა, ჰამბურგიდან მოგვესალმა.