ოპოზიციას მართებს გაერთიანება და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა - ბოკუჩავა
"ოპოზიციას მართებს გაერთიანება და საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს.
ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ბოკუჩავა აანონსებს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეკონტაქტება და აცხადებს, რომ მისი პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება თითოეული პოლიტიკური პარტიის და პოლიტიკური ლიდერის გასაკეთებელია. ვესაუბრები ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, რომელიც მათ შორის ძალიან აქტიურად მონაწილეობდა იმ საპროტესტო მოძრაობებში, რომელმაც მთელ მსოფლიოს ანახა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში. მთავარია გამარჯვება და ჩვენი კარი ღიაა იმისთვის, რომ ეს გამარჯვება საერთო ძალისხმევით ერთად მოვიპოვოთ, ნამდვილად არ არის 26 ოქტომბრის არჩევნები პარტიული არჩევნები და მე ვისურვებდი, რომ ყველა ოპოზიცურმა პარტიამ ასე შეხედოს და ასე შეაფასოს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ოპოზიციას ვადა ეწურება. ორშაბათს პარტიებმა გამსხვილებისს პროცესზე განაცხადი უნდა გააკეთონ. ვინ ვისთან ერთად იბრძოლებს გადამწყვეტ არჩევნებზე - მოლაპარაკებები ფინალში გადის.
2 + 1 - არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ასეთი კონფიგურაციით გასვლა წარმოუდგენია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი იქნება და პლუს გახარია, რომელიც არჩევნებზე მარტო პოზიციონირებას გეგმავს.
"დღის ამბებთან" შესაძლო გადაჯგუფებაზე ისაუბრა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ "გამსხვილება აუცილებელია. სამუშაო ურთიერთობები აქტიური გვაქვს ძალიან ბევრ ერთეულთან".
არმაზ ახვლედიანი ერთიან პლატფორმას ემხრობა და ამბობს, რომ "ჩართული ვარ კონსულტაციებში. მიმაჩნია, რომ ერთიანი პლატფორმა იქნებოდა სწორი"
ნიკა გვარამიას თქმით, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიები დიდი პოლიტიკური ცენტრის შესახებ განაცხადს 8 ივლისს გააკეთებენ - "რაც შეეხება ერთიან, დიდ პოლიტიკურ ცენტრს, ასეთი პოლიტიკური ცენტრი იქნება“. გვარამიას თქმით, სამი ოპოზიციური ცენტრი შეძლებს "ქართულ ოცნებაზე" მეტ პროცენტს აიღებს არჩევნებზე.