რუსული კანონი და "ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებები - რაზე ისაუბრეს უზრა ზეიამ და ირაკლი კობახიძემ?

12.07.24 22:54
რუსული კანონი და "ოცნების" ანტიდემოკრატიული ქმედებები - რაზე ისაუბრეს უზრა ზეიამ და ირაკლი კობახიძემ?

რაზე ისაუბრეს უზრა ზეიამ და ირაკლი კობახიძემ? - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დეტალებს ამჟღავნებს და სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერთან საუბრის დროს ზეიამ კვლავ გამოხატა შტატების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, "თუ როგორ უთხრის ძირს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები საქართველოს ევროინტეგრაციის გზას".

შტატები ივანიშვილის ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისკენ და ქართველი ხალხის სურვილის, ევროკავშირში გაწევრიანების, გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

აზრთა გაცვლა @PM_Kobakhidze-თან. ამერიკა რჩება სერიოზულად შეშფოთებული იმის გამო, თუ როგორ უთხრის ძირს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის, უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღება და რიტორიკა, რომელმაც შეარყია ევროინტეგრაციის გზა და შტატებთან ურთიერთობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოასწოროს კურსი და შეასრულოს საზოგადოებრივი მისწრაფებები საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ", - წერს უზრა ზეია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. დასავლელმა დიპლომატმა შეხვედრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, მედიაორგანიზაციებთან და მესამე სექტორთან გამართა. უზრა ზეიას ბოლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ჰქონდა.

ასევე წაიკითხეთ, თუ რა განცხადებები გააკეთა დასავლელმა პოლიტიკოსმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ:

მსგავსი სიახლეები