განახლებული იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე - როგორ პასუხობენ მესამე სექტორში "ოცნების" თავდასხმას
განახლებული იერიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე - "ქართული ოცნება" მესამე სექტორს ისევ გამჭვირვალობას უწუნებს და ცდილობს გაამყაროს რუსული კანონის მიღების არგუმენტი.
არასამთავრობო ორგანიზაციები "ქართული ოცნების" საპასუხოდ ამბობენ, რომ გაუმჭვირვალობაზე არ უნდა საუბრობდეს მმართველი ძალა, როდესაც პრემიერის ბრძანებების დიდი ნაწილი დღემდე მაგალითად, გასაიდუმლოებულია.
იმ პირობებში, როდესაც თვითონ ხელისუფლებას აქვს უკიდურესად დიდ პრობლემები გაუმჭვირვალობსა და დამოუკიდებლობისა, იმიტომ, რომ სახელისუფლებო პარტიაში რა გადაწყვეტილებები როგორ მიიღება, სახელმწიფო ინსტიტუციები - მთლიანად პარტიული ვერტიკალი მთლიანად დაქვემდებარებული როდესაც არის არაფორმალურ გავლენებზე, უბრალოდ არასერიოზულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვისკენ იშვერენ ხელს. მაშინ, როდესაც მთავრობის დადგენილებები არ საჯაროვდება, მაშინ, როდესაც ჩვენ ბაზისური საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა გვაქვს,“ - ამბობს გურამ იმნაძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ "ოცნების" მორიგი კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და რუსული კანონის მიღების გამართლებას.
ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და რაღაც ფორმით გაამართლონ ამ კანონის მიღება. ეს კანონი შეფასდა უკვე არაერთი ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ვენეციის კომისიის მხრიდან, როგორც დამაზიანებელი, უფლებების დამრღვევი. ეს არის მცდელობა, რომელიც რაიმე შედეგს ვერ გამოიღებს, იმიტომ, რომ კანონი რეალურად, მისი ყველა მუხლი არის რუსული და ის არღვევს კონსტიტუციას,“ - ამბობს საია-ს თავმჯდომარე.
IDFI-ის პროგრამების დირექტორი კი ამბობს, რომ იმ ორგანიზაციების დიდ ნაწილს, რომელიც "ოცნებამ" შეაფასა, ფინანსური რესურსი საერთოდ არ აქვს.
ამ 459 ორგანიზაციას, რომელზეც იძახის ოცნება, რომ შევისწავლეთო, აქ არის ძალიან ბევრი რეგიონული ორგანიზაცია, რომელსაც რეალურად ხშირად ფინანსური რესურსით არ აქვს, რომ საკუთარი საიტიც კი შექმნას, აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაც რაღაცას მალავს, უბრალოდ, დაფინანსება ხშირად არ აქვს,“ - ამბობს ლევან ავალიშვილი.
"ქართული ოცნების" ოფისში ცოტა ხნის წინ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაზისო კვლევა წარადგინეს. ივანიშვილის გუნდმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე 474 არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა შეისწავლა.
"ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დონორებზე თავდასხმას აგრძელებს - გივი მიქანაძის შემდეგ მესამე სექტორზე იერიში პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიტანა.