ზურაბიშვილმა არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც დესტრუქციული პროცესების მცდელობა ჰქვია - ვოლსკი

04.08.21 13:19
ზურაბიშვილმა არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც დესტრუქციული პროცესების მცდელობა ჰქვია - ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის თაობაზე პრეზიდენტის განცხადება ნაწილობრივ არაობიექტური იყო. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი შეეცადა დაბალანსებული ყოფილიყო. 

 ცუდია შედეგი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური სუბიექტები რესურსს ვერ ნახულობენ, რათა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციები შეიმუშაონ, მაგრამ როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული. მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს. ამის არ დანახვა სწორი არ არის. პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიყვება", - თქვა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.