მიიღებს თუ არა "ოცნება" EU-სგან მკაცრ საპასუხო ზომებს? - ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა გაიმართება
გაეცემა თუ არა ოპოზიციის გაქრობის მუქარასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" განცხადებებს ევროკავშირისგან პასუხი - ხვალ, 29 აგვისტოს, ევროკავშირში საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა გაიმართება.
ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ და დისკუსიის დროს, სავარაუდოდ, საქართველოს საკითხსა და ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ რიტორიკას განიხილავენ.
"ოცნების" ახალი დაპირების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, რაც ოპოზიციური სპექტრის გაქრობასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატების ჩამორთმევას გულისხმობს, პიტერ სტანოს თქმით, მმართველმა ძალამ ევროკავშირისგან შესაძლოა, მკაცრი საპასუხო ქმედებები იხილოს.
ცნობისთვის, საერთაშორისო გამოცემამ, Politico-მ საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების კანონგარეშე გამოცხადების გეგმები გაანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და აიძულებს დასავლეთის მკაცრი პასუხის გაცემას.
ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ შეშფოთებას გამოხატა.