შავი ფული "ოცნების" მომღერლებს? - შეისწავლის თუ არა ანტიკორუფციული სავარაუდო კანონდარღვევას

24.09.24 13:36
შავი ფული "ოცნების" მომღერლებს? - შეისწავლის თუ არა ანტიკორუფციული სავარაუდო კანონდარღვევას

იმ ფონზე, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ოპერაციებით ინტერესდება, ოპოზიცია "ქართული ოცნების" გაუმჭვირვალობაზე საუბრობს.

ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ მმართველი პარტია ღონისძიებებსა და კონცერტებში "შავ ფულს" ხარჯავს, რადგან ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები გამჭვირვალე არ არის.

"ცვლილებებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ 737 ათასი ლარი, რომელსაც "ოცნება" დოკუმენტში უთითებს, ზოგადია და იქ არ არის ჩაშლილი, კონკრეტულად რაში რამდენია გადახდილი. 

„ქართულ ოცნებას“ დაკონკრეტებული აქვს, რომ რაღაც გარკვეულ ღონისძიებებში დახარჯა 737 ათასი ლარი მაშინ, როდესაც ამ დეკლარაციაში პირდაპირ მითითებულია კულტურული, სპორტული ღონისძიებები და კულტურულ ღონისძიებებში გადის კონცერტებიც და არ არის ეს თანხები გამჭვირვალედ ჩაშლილი, რომ სამოქალაქო სექტორმა და ზოგადად, მოსახლეობამ გაიგოს თუ რომელ მომღერალს რა კონკრეტული თანხა გადაუხადეს. ღონისძიება არის ზოგადი განმარტება, ხოლო ფორმაში ჩაშლილი უნდა იყოს ყველაფერი, რაში გადაიხადეს თანხები. თანხები, რომელიც არ არის გამჭვირვალე, შესაბამისად, უკვე არსებობს ეჭვი, რომ თანხები არის შავი ფული, - ამბობს ბესიკ დონაძე.

"პირველების" კითხვის საპასუხოდ, დაინტერესებულა თუ არა ერთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" სავარაუდო კორუფციული გარიგებებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ სახელისუფლებო პარტიის ფინანსების მონიტორინგი 100%-ით ხორციელდება. მისივე თქმით, შეისწავლიან მომღერლების გადახდილი ჰონორარების საკითხსაც. 

 მონიტორინგი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით ხორციელდება 100%-ზე. ყველა შემოსავლები ჯამდება და მოწმდება. ასევე ის აქტივობები, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ, მათ შორის, კონცერტები, წარმომავლობა ამ თანხების და ამის ანგარიშს უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ. 
ყველა ამ ანგარიშთან დაკავშირებით, რაც დეკლარაციაში აქვთ მითითებული, როგორც შემოსავლები, ისე გასავალი, ამავდროულად მოწმდება ასევე ის აქტივობები, რომელიც შესაძლოა, არ იყოს ანგარიშში მოცემული. ამიტომ ეს არის ძალიან მოცულობითი. 
ყველა პოლიტიკური პარტიის შემოწირულობას ვსწავლობთ, თუმცა განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“ სხვა პოლიტიკური პარტიები, მოწმდება, რომ ავიღოთ, პროპორციულად, 20%-ით, - ამბობს კუპრაშვილი.

ნტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. 

მსგავსი სიახლეები