გახარიას სამი კითხვა ივანიშვილს

30.09.24 16:00
გახარიას სამი კითხვა ივანიშვილს

სამი კითხვა ბიძინა ივანიშვილს - პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდოთ.

გახარიას ადრესატი ამჯერადაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა. 

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერი "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიას რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა და თქვა, რომ გაურკვეველია, ვისთვის ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას ბიძინა ივანიშვილი.

გიორგი გახარიას თქმით, თუკი ივანიშვილი აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ მოახერხებს, ეს ცხადყოფს, რომ ყველაფერი, რასაც ის პარტიულ შეკრებებზე საუბრობს და ხალხს ჰპირდება, მხოლოდ წინასაარჩევნო ტყუილებია. 

"რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, გაურკვეველია საერთოდ ვისთვის და ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში არაფერს არ გვიხსნის, არაფერს არ  გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით.

ამ დროს,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროდან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის  არაფერი არ შეცვლილა - ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას.

მსგავს პირობებში,  ხელისუფლება, რომელიც თავს ასაღებს წინასაარჩევნოდ  ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად, ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარღვია ქვეყნის სუვერენიტეტი თავისი განცხადებებით, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ პოლიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ყველაზე დიდი ამოცანა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხების, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება!

ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის. თუმცა, მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს  და განუმარტოს - თუ არ შეუძლია დებატებში, მაშინ მაგალითად 15 ოქტომბერს, როცა იქნება  ზუგდიდში  - მაშინ, როცა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე:  

  1. რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა  არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ.
  2. რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?
  3. დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის - საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას?

მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება!" - თქვა გახარიამ.

ასევე ნახეთ: 

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება განხილვის მთავარი თემაა. 

ომგამოვლილ ქალაქში აგვისტოს ომზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ქართველებს ოსებისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი.

"ოცნების" ლიდერის გამოსვლის შემდეგ, ბოდიშის მოხდა მოითხოვეს დროებით ოკუპირებული სოხუმის მარიონეტულომა რეჟიმებმა.

ივანიშვილის განოსვლა მოსწონთ კრემლში - პუტინის პროპაგანდისტმა,  მარგარიტა სიმონიანმა "ქართული ოცნება" იმავე დღეს შეაქო.