კორძაია: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას”- ასე ეხმაურება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, თამარ კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კორძაია წუხს, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა, ოპოზიციონერის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ევროპულ პერსპექტივას.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს იმ 84 დეპუტატის ბედი, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ბედავს ამ კანონის მავნე შედეგებს როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით. ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან. მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.