სასამართლოს და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება არსებობდა - ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს

09.10.24 18:05
სასამართლოს და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება არსებობდა - ყოფილი მოსამართლე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია საკონსტიტუციოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას ურთიერთსაწინააღმდეგო წინადადებების კრებულს უწოდებს და ამბობს, რომ მოსამართლეთა პლენუმის რეპუტაცია განახლებას არასოდეს  დაექვემდებარება.

იმდენად მძიმე ამოცანა იყო სასამართლოს წინაშე, რომ შავზე თეთრი ეთქვა, მათ ეს ამოცანა ნამდვილად ვერ გააკეთეს - ამბობს ყოფილი მოსამართლე.

მისი თქმით, ყველაფერი ჯამში მიუთითებს იმას, რომ სასამართლოს და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება არსებობდა.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველას ერთად, არ დაგვავიწყდება მათი ეს საქციელი და როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას, ისინი ამისთვის საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა რეპუტაცია ადამიანებს სრულიად გაუნადგურდებათ, მათ არავითარი შანსი საჯარო პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის არ უნდა ჰქონდეს. მათი რეპუტაცია არასოდეს არ ექვემდებარება განახლებას, იმიტომ, რომ ეს არის საქმე, რომელზე მნიშვნელოვანიც მოსამართლეს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში კი არა, ადამიანს შეიძლება ხელში ვერ ჩაუვარდეს. ამიტომ, ამ შანსის არგამოყენება არის ძალიან დიდი ტრაგედია. ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ იმსახურებს სამართლებრივ ანალიზს, იმიტომ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო წინადადებების კრებულია. მე ვფიქრობ, რომ იმდენად მძიმე ამოცანა იყო სასამართლოს წინაშე, რომ შავზე თეთრი ეთქვა, მათ ეს ამოცანა ნამდვიალდ ვერ გააკეთეს. სამწუხაროა, რომ სასამართლოს არ ესმის, რომ რუსულ კანონს არავითარი კავშირი ჯაშუშობასთან არ აქვს. იმ შემთხვევაში თუ ჯაშუშები ქვეყანაში არიან და ნამდვილად არიან და ისინი რუსეთის მიერ არიან დაფინანსებული, ამისთვის არსებობს სისხლის სამართლის კანონმდებლობა და არა რუსული კანონი, ამიტომ ამის მოყვანა გადაწყვეტილებაში, როგორც მაგალითად ძალიან სამარცხვინოა. ისინი აქცევენ ყურადღებას, რომ მონიტორინგი ჯერ არ დაწყებულა და ჯარიმები ორგანიზაციებზე ჯერ არ დაწყებულა, ამ ყველაფერს ისინი იყენებენ იმის გასასამართლებლად, რომ დღეისთვის არ არსებობს დროებითი ღონისძიების გამოყენების მექანიზმი. მაგრამ ეს ყველაფერი ჯამში მიუთითებს იმას, რომ სასამართლოს და ხელისუფლებას შორის არსებობდა მოლაპარაკება", - ამბობს ნონა წოწორია. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია.  საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. 

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.  მოსამართლე თვლიდა, რომ 78-ე მუხლის დადგენას ადგილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მას მიაჩნდა, რომ სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.  

მსგავსი სიახლეები