"ოცნებას" ევროკავშირის მასშტაბით მოკავშირე აღარ ჰყავს - ნაცვლიშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის მასშტაბით მოკავშირე აღარ დარჩა და სრულ იზოლაციაში მოექცა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით არ შეცვლის, მაშინ მმართველ პარტიაზე წამოსული მძიმე ტვირთი საზოგადოებაზეც გადანაწილდება.
აღარცერთი მოკავშირე ევროკავშირის მასშტაბით "ქართულ ოცნებას" აღარ ჰყავს და ის არის სრულ იზოლაციაში. არავის მათთან საქმის დაჭერა აღარ სურს. თუ საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ "ქართული ოცნების" ბედის გაზიარება, მაშინ ეს იზოლირებული და ნდობადაკარგული ხელისუფლება მათ უნდა გადაირჩიონ 26 ოქტომბერს. სხვა შემთხვევაში იზოლაციის მძიმე ტვირთი, რომელიც ახლა "ოცნებას" აწევს, სამწუხაროდ, გადანაწილდება ქართველ ხალხზე", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს - გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
რეზოლუციას, რომელშიც ბევრი ჩანაწერია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე განიხილავენ.