ბუნდესტაგის დეპუტატი - საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა შეგვაშფოთა, ვსვამთ კითხვას: როგორ ჩატარდება არჩევნები?

10.10.24 15:02
ბუნდესტაგის დეპუტატი - საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა შეგვაშფოთა, ვსვამთ კითხვას: როგორ ჩატარდება არჩევნები?

საქართველოში განვითარებული მოვლენები და საპარლამენტო არჩევნები გერმანელი პოლიტიკოსების დღის წესრიგის მთავარი თემაა - ბუნდესტაგის დეპუტატი, კნუტ აბრაჰამი "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები ახლოდან დააკვირდებიან.

ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ მსჯელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კნუტ აბრაჰამი აცხადებს, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის ევროკავშირის სტანდარტი და საქართველო ამ წესებს უნდა მიჰყვეს.

საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან ახლოდან დავაკვირდებით არჩევნებს. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა შეგვაშფოთა და ვსვამთ კითხვას: როგორ ჩატარდება არჩევნები? დებატებზე, რომელიც ბუნდესტაგში გაიმართება, იქნება მთავარი საკითხი - ჩატარდება თუ არა არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, რადგან ეს არის ევროკავშირის სტანდარტი და საქართველო ამ წესებს უნდა მიჰყვეს", - ამბობს კნუტ აბრაჰამი

ბუნდესტაგის დეპუტატი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ არის. 

კნუტ აბრაჰამი "პირველებს" ეუბნება, რომ ის წინააღმდეგია, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ჩამოართვან.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ქართველი ხალხი მმართველი პარტიის მიღებული კანონებისა და მათი ნაბიჯების გამო არ უნდა დასაჯოს.

ეს არ არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი, საქართველო სტანდარტებს უნდა მიჰყვებოდეს. ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეეჩერებინა, წინააღმდეგი ვართ კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ევროკავშირმა არ უნდა დასაჯოს ქართველი ხალხი მმართველი პარტიის მიღებული კანონებისა და მათი ნაბიჯების გამო"- დასძენს დეპუტატი. 

ევროპარლამენტის შემდეგ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებას გერმანიის ბუნდესტაგი აანონსებს - გერმანიის პარლამენტის წევრები მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეზოლუციის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბუნდესტაგის წევრები დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას

რეზოლუციას, რომელშიც ბევრი ჩანაწერია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს, 10 ოქტომბერს, 20:00 საათზე განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები