მდინარაძე ამტკიცებს, რომ ყველა ტყუის, ვინც ამბობს, რომ "ოცნებამ" რუსული კანონი რუსეთიდან გადმოაკოპირა
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ყველა ტყუის, ვინც ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი რუსეთიდან გადმოაკოპირა.
პარტიის აღმასრულებელი მდივანს მედიამ დღეს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადების შეფასება თხოვა, სადაც დაფნა რენდი პირდაპირ ამბობს, რომ "რუსეთი ცდილობს მხარი დაუჭიროს პარტიას, რომელმაც არსებითად გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა".
მამუკა მდინარაძემ დღესაც ომზე ისაუბრა და მედია ფეიკების გავრცელებაში დაადანაშაულა:
ამერიკის პრეზიდენტიც რომ გამოვიდეს, ვინ არ უნდა გამოვიდეს, ვინც იტყვის, რომ ჩვენ გადავაკოპირეთ რუსული კანონი, ის იტყუება ძალიან ცუდად. ამ ტყუილს თან თავისი მიზნები აქვს - თქვენ, ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი ქვეყანა გაგვწირონ დიდი, გლობალური ინტერესებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ომს შეგვწირონ. ხომ იცით, რომ პაიკი ადვილი შესაწირია. ამ პაიკის ფასადაც არ მიგვიჩნევენ. პაიკის მინი მოდელად წარმოგვიდგენენ, რომელიც არ არსებობს ბუნებაში, მაგრამ ისინი ასე წარმოგვიდგენენ, მიგვწიონ წინ და შეგვაკლან რუსეთს. ჩვენ ამას არ ვუშვებთ და თქვენ აქ მე მებრძვით ფეიკებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ აშშ ძალიან ღელავს და უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
დაფნა რენდმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" (IRI) და "ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის განზრახვაზე ისაუბრა და განაცხადა: "რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან, თავის ორბიტაში დააბრუნოს".
მეტიც, დაფნა რენდი ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადმოაკოპირა ის, რასაც პუტინი საკუთარ ქვეყანაში აკეთებს.