ღარიბაშვილის ბიძის სკანდალი - კახელი ბიზნესმენი დედოფლისწყაროში “კახური კლანის“ გავლენებზე საუბრობს
იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი კახელი ბიზნესმენი, რომელიც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძის, ზურაბ გონაშვილისა და მისი გარემოცვის შესახებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
დავით თამარაშვილი "ტვ პირველთან" პირდაპირ ამბობს, რომ დედოფლისწყაროში ე.წ. კახური კლანი შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს, სოფელში არაფორმალური მმართველობაა და ყველა საქმეს ერთი ოჯახი ალაგებს.
თამარაშვილს "TV პირველი" მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ექს-პრემიერის ბიძის გავლენებზე ჟურნალისტური განმოძიება "რადიო თავისუფლებამ" ჩაატარა.
თამარაშვილი ის ბიზნესმენია, რომელმაც ღარიბაშვილის ბიძას წილი უსასყიდლოდ გადასცა, საბოლოოდ კი მისი თქმით, "კაკაშამ" დახმარების ნაცვლად გადაადგო და ფაქტობრივად, ბიზნესის გარეშე დატოვა.
ბიზნესმენი ასევე ტარიელ ღარიბაშვილსაც ასახელებს და ამტკიცებს, რომ მასთანაც ჰქონდა პირადი შეხება. თამარაშვილი მათ არაფორმალურ დაჯგუფებად მოიხსენიებს, რომლებიც ადგილობრივ ფერმერებს აკონტროლებენ.
ზურა გონაშვილი არ არის ცალეკული პირი, ის არის დაჯგუფება, რომელიც სარგებლობს, უმაღლესი თანამდებობის პირების მხარდაჭერით, შესაბამისად, გავლენას ახდენენ ადგილობრივ ფერმერებზე.
მე ვისთანაც მომიწია ურთიერთობა, არის გიორგი გოგოტიძე, რამან ივანიძე, ზურა გონაშვილი, ტარიელ ღარიბაშვილი. იმიტომ შემოვიდნენ, რომ ფული ეშოვათ და ელდარის რეგიონში აეღოთ არაფორმალური მმართველობა ხელში. იქ სიტუაციის გაკონტროლება მათ ხელშია და სახელმწიფოს იურისდიქცია არ მოქმედებს.
ამ ყველაფერის მიზანი არა ჩემი დახმარება, არამედ გიგოლე სანიკიძესთან, რომელიც ძალიან მდიდარი კაცია, ჰქონდათ ფინანსური ინტერესები. მე გამომიყენეს და შემდეგ გადამაგდეს“, - ამბობს თამარაშვილი.
ცნობისთვის, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ყველაფერი ელდარის დაბლობზე დაიწყო, 2022 წელს, როდესაც თელაველმა მეღვინე ძმებმა ლევან და დავით თამარაშვილებმა 600 ჰექტარი მუნიციპალური მიწის ორწლიანი იჯარა ახმეტის მერიის საჯარო აუქციონზე მოიგეს.
თამარაშვილები იმედოვნებდნენ, რომ მათი კომპანია „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ ხორბალს მოიყვანდა, სამედიცინო სპირტს გამოხდიდა. ჰყავდათ ინვესტორიც, რომელიც მზად იყო მომგებიან საქმეში თავდაპირველად 2 მილიონამდე ლარი ჩაედო.
დავით თამარაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ელდარში ჩასვლამ მათი გეგმები თავდაყირა დააყენა: ტერიტორიის ნაწილი საძოვრებად გადაქცეულიყო და სახნავ-სათესად არ გამოდგებოდა, ნაწილი კი (109 ჰა) ორ ადგილობრივ ფერმერს ჰქონდა მითვისებული და ხორბალი მოჰყავდათ.
როგორც კი ინვესტორმა შეიტყო, რომ მისი პარტნიორები იჯარით აღებული მიწის დაახლოებით მესამედს ვერ გამოიყენებდნენ, საერთო საქმეში ფულის ჩადება გადაიფიქრა.
2022 წლის აგვისტოში „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ პრობლემების გადაჭრას ცდილობს.
დავით თამარაშვილმა ჯერ ახმეტის გამგეობას გაუგზავნა წერილი, ვითარება აღუწერა, საკუთარი ტერიტორია აზომა და მონიშნა, შემდეგ კი ეცადა გაერკვია, ვინ იყენებდა მის ნაკვეთებს თვითნებურად.
ასე იპოვა გიორგი, იგივე გიგოლე ცაძიკიძე, ბიზნესმენი თუშეთიდან. აღმოაჩინა, რომ ცაძიკიძის ოჯახს 30 წელზე მეტია მოჰყავს ხორბალი ელდარის დაბლობზე. ისიც შეიტყო, რომ სოფელ კასრისწყალში, სახნავ-სათეს მიწებთან უახლოეს დასახლებაში მას „ფეოდალს“ ეძახიან.
„გიორგი ცაძიკიძემ მითხრა, რომ აქ, ელდარში ვარ მეო! როცა მიწა აიღე სახელმწიფოსგან, მეტი ყურადღება უნდა გამოგეჩინა, მე ვარ მასპინძელი და შენ სტუმარიო. მალევე გავიგე, რომ ცაძიკიძე წლებია თვითნებურად იყენებს ელდარში სახელმწიფოს მიწებს და ამისთვის პასუხს არავინ სთხოვს“, - ჰყვება დავით თამარაშვილი და აღნიშნავს, რომ „ელდარის რეგიონში არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, იქ არის არაფორმალური მმართველობა“.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თამარაშვილი ცაძიკიძის ჩამოშორების თხოვნით ახმეტის მერს ხვდება. მერი ბიზნესმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუსის ადგილობრივ მაღალჩინოსანს ახვედრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან.
როგორ შემოდის საქმეში ახალი პარტნიორი - პრემიერ-მინისტრის ბიძა?
თამარაშვილი ახმეტის გამგეობაში ერთ-ერთი მისვლისას იცნობს ადგილობრივ ახალგაზრდას, გიორგი გოგოთიძეს. გოგოთიძე ეუბნება, ცაძიკიძესთან პრობლემები ჩემს ოჯახსაც აქვს, ვერ მოვაგვარეთ და ეგებ ერთად შევძლოთო.
გიორგი გოგოთიძე სოფელ ალვანიდანაა, საჯარო წყაროებში დაცული ინფორმაციით, 2017 წელს ალვანში გამგებლის წარმომადგენელი იყო, 2020-22 წლებში საკუთარი კომპანიით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდა, დაახლოებით ნახევარი მილიონის სახელმწიფო დაკვეთა მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი - უტენდეროდ, პირდაპირი კონტრაქტით. 2023 წელს ტენდერით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მისი კომპანია შპს „ასიანი“ შავ სიაში შეიყვანეს და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალეს.
თამარაშვილის მონათხრობით, ამ შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში, 2023 წლის იანვარში გიორგი გოგოთიძემ მას გააცნო მეგობარი რამაზ ივანიძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ახლობლად წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო.
შემახვედრეს ზურაბ გონაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძას, მე მას ვუთხარი, რომ ეს [ელდარში სახელმწიფო მიწების მითვისება] არაა მხოლოდ ჩემი პრობლემა და თუ სახელმწიფო ინტერესი იქნება დაცული, ყველასთვის კარგი იქნება. დამპირდა, შენს თავს არავის არ დავაჩაგვრინებო, რასაც გეგმავ, კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და შენ გაქვს ჩვენი მხარდაჭერაო“.
გონაშვილთან შეხვედრის შემდეგ, 2023 წლის მარტიდან, „ვაზისა და ღვინის ჯგუფი“ შვილობილი შპს-ს „ელდარი ჯგუფის“ 75 პროცენტს ახალ მფარველებს აჩუქებს.
კომპანიის წილების განაწილება, 75%-ი ახალ პარტნიორებს გადაეცათ.
ვრცლად "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ აქ