"მიმართული ვართ არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვებისკენ" - კორძაიამ პრეზიდენტის სასახლე დატოვა

11.10.24 18:51
"მიმართული ვართ არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვებისკენ" - კორძაიამ პრეზიდენტის სასახლე დატოვა

საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციის დასრულების შემდეგ, ათონელის რეზიდენციიდან გამოსულმა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ მედიასთან საუბრის დროს იმ დეტალებზე ისაუბრა, თუ რაზე იმსჯელეს შეხვედრაზე მხარეებმა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან გამართული დღევანდელი შეხვედრა სამუშაო პროცესის ნაწილი იყო, სადაც პოლიტიკურმა გაერთიანებებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მზაობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" დასამარცხებლად.

"პირველების" კითხვაზე, შეთანხმდნენ თუ არა ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტთან იმაზე, რომ პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე არ იქნება დასახელებული, თამარ კორძაიამ თქვა, რომ შეხვედრა დახურული იყო, ამიტომ დამატებით დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

დღევანდელი შეხვედრა იყო სამუშაო პროცესი. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ვინც ვიყავით შეხვედრაზე, განწყობილი კი არა, მომართული ვართ იქითკენ, რომ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად და დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას". რაც შეეხება ჩვენი პარტიის პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ განწყობილი კომპრომისებით სიარულისთვის, შეთანხმებებისთვის. დღეს დამატებით დეტალს ვერ მოგაწვდით, რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" რჩება საკუთარი ამომრჩევლის და ამ ქვეყნის ერთგული", - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა დასრულდა - ოთხივე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა ორბელიანების სასახლე უკვე დატოვა.

მსგავსი სიახლეები